„ათ, ოც, თუნდაც ორმოცდაათ ადამიანს ქუჩის გადაკეტვის ლეგიტიმაცია არ აქვს“, – განაცხადა სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა. ამის გამო მას ადამიანის უფლებადა დამცველები კვლავ აკრიტიკებენ, ხოლო დემონსტრანტები არაინფორმირებულობაში სდებენ ბრალს.
პარასკევ საღამოს, 25 აპრილს, ტელეკომპანია „პალიტრას“ ეთერში ლევან იოსელიანმა ჯერ თქვა, რომ 5000-ლარიანი ჯარიმა, – რასაც შსს ხშირად უწერს დემონსტრანტებს, – არის „საკმაოდ მაღალი ტვირთი“.
„როდესაც ასეთი მაღალი ჯარიმა წესდება, რა თქმა უნდა, ეს არის დამაბრკოლებელი, მათ შორის, ასეთი აქციების მიმართ, რადგან როდესაც ასეთ ჯარიმებს დაგადებენ, ადამიანებმა შეიძლება თავი შეიკავონ“, – თქვა მან.
იოსელიანის თქმით, აკვირდება მიმდინარე დემონსტრაციებს და „მნიშვნელოვანია“, რომ დემონსტრანტებმა „ნათლად გაითვალისწინონ“ – „აქცია და ქუჩის გადაკეტვა ლეგიტიმურია მხოლოდ მაშინ, როდესაც სათანადო რაოდენობის ადამიანი იმყოფება აქციაზე“.
„10, 20 და თუნდაც 50 ადამიანს ქუჩის გადაკეტვის ლეგიტიმაცია არ გაჩნია. მათ შეუძლიათ აზრი სადღაც გამოხატონ, მაგრამ ეს არ არის საკმარისი რაოდენობა. იმ შემთხვევაში, როდესაც ხალხის სიმრავლის გამო იქნება გადაკეტილი, მაშინ იმ ჯარიმის არსებობის წინაპირობაც არ იარსებებს“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.
უწყვეტის საპროტესტო დემონსტრაციების 149 დღის განმავლობაში დაჯარიმებული არაერთი დემონსტრანტი მიუთითებს, რომ ისე დააჯარიმეს გზის გადაკეტვის ბრალდებით, რომ გზა არ გადაუკეტიათ.
გიორგი ტუმასიანი, რომელიც აქციების აქტიური მონაწილეა, იოსელიანს „რეჟიმის ომბუდსმენს“ უწოდებს და ამბობს, რომ იგი „რეჟიმს იცავს“.
„ლევან, რომ გევლოთ ჩვენს სასამართლო საქმეებზე შენ ან შენს წარმომადგენლებს, გეცოდინებოდა რომ გადაჭედილ რუსთაველზე ყოფნის გამო გვაჯარიმებენ“, – წერს ტუმასიანი.
„აგერ მათი „მტკიცებულება“, რომ არასაკმარისი რაოდენობის პირობებში „ხელოცნურად გადავკეტე გზა“ ვითომ“, – წერს ტუმასიანი და აქვეყნებს 9 იანვარს გადაღებულ ფოტოს, – მისი დაჯარიმების ღამეს, როდესაც რუსთაველის გამზირზე არაერთი ადამიანი დგას.
„ქუჩებს ნუ კეტავთო, სახალხო დამცველი მოუწოდებს ხალხს… არაფერი ხდება ისეთი, რომ ასე თავი გაწირო და თავი შეიწუხოო…“, – ასე ეხმაურება ლევან იოსელიანის ნათქვამს ეკა გიგაური, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ თავმჯდომარე.
ლევან იოსელიანი, რომელიც ომბუდსმენაც 2023 წლის 7 მარტს აირჩიეს, აქამდეც არაერთხლ მოქცეულა კრიტიკის ქარცეცხლში.
2025 წლის იანვარში იოსელიანმა „ბათუმელების“ დამფუძნებელზე, მზია ამაღლობელზე თქვა:
„ნამდვილად არ ვამართლებ პოლიციელზე არც დარტყმას, არც გარტყმას, არაფერს, მაგრამ მთლიანად ეს კონტექსტი, – რა პირობებშიც მოხდა, როგორ იყო ეს ადამიანი აღელვებული, რაც იყო, როგორც იყო, არ არის აუცილებლობა, ყველაზე მძიმე აღკვეთის ღონისძიების [პატიმრობის] გამოყენება“.
უფლებადამცველები ამბობდნენ, რომ ომბუდსმენი შეცდა, როდესაც „ბათუმელების“ დამფუძნებელ მზია ამაღლობელის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებაში, – შედარებით მცირე მნიშვნელობის დეტალში, – დაინახა პრობლემას და არა – მისთვის ბრალის წაყენებაში.
იანვრის ბოლოს იოსელიანი კვლავ მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში, როდესაც პირველი არხისთვის მიცემულ ინტერვიუში კონკრეტული მოწყვლადი ჯგუფების ადგილსამყოფელი გაამჟავნა.
კერძოდ, მან ისაუბრა სახელმწიფო თავშესაფრებში არსებულ სიტუაციაზე და ამ დროს, დაასახელა რეგიონი და სხვა ისეთი დეტალები, რომლითაც შესაძლოა, მაყურებელი მიმხვდარიყო ოჯახში და ქალთა ძალადობის, ასევე ტრეფიკინგის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების მისამართს.
იოსელიანი ამბობდა, რომ „აჟიოტაჟი ხელოვნურად ატეხეს“.
მას შემდეგ, რაც იოსელიანმა იანვარში თქვა, რომ მას არ უნახავს არჩევნების გაყალბების დამდასტურებელი მტკიცებულება და აქციის მონაწილეთა მიმართ სისტემური წამება ვერ დაინახა, მის ოფისთან აქცია გაიმართა.
დემონსტრანტებმა მიიტანეს პროევროპული აქციების იმ მონაწილეების ფოტოები, რომლებსაც პოლიცია ფიზიკურად გაუსწორდა. პლაკატებზე წერია: „რეჟიმის დამცველი“, „სახალხო დამცველი – რეჟიმის დამცველი“. აქციაზე მიიტანეს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შეგროვილი მტკიცებულებები, რომლებითაც ამტკიცებენ, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა.
ლევან იოსელიანი ომბუდსმენობამდე პარლამენტის წევრი იყო ალეკო ელისაშვილის პარტიიდან, „მოქალაქეები“. ისინი ბავშვობიდან მეგობრები იყვნენ.
თუმცა 2024 წლის ნოემბერში ელისაშვილმა თქვა, რომ იოსელიანთან რამდენიმე თვეა, კომუნიკაცია არ ჰქონია: „ბევრი რამ ჩემთვისაც არის უბრალოდ აუხსნელი“.
ფორუმი
