თბილისში ათასობით შენობაა, რომლის რეკონსტრუქციას აზრი არ აქვს და დემონტაჟი სჭირდება. ზუსტად რამდენია ასეთი, სპეციალისტებს დაკონკრეტება უჭირთ, თუმცა თბილისის მერის ინფორმაციით, 10 ათასამდე ავარიული შენობაა, რომელიც უნდა ჩანაცვლდეს ან რეკონსტრუქცია ჩაუტარდეს. რაც დრო გადის, ეს შენობები უფრო ამორტიზებული ხდება, ხოლო ბევრი მათგანი ნამდვილად არ არის იმ მდგომარეობაში, რომ მათ გამაგრება ოპტიმალური გადაწყვეტილება იყოს.
მერიის პრიორიტეტი ამ შემთხვევაში მოსახლეობის გასახლება, ალტერნატიული ფართების შეთავაზება და ახალი საცხოვრებლების მშენებლობაა, რაც დიდ დროსთან ერთად, ფინანსურ რესურსსაც მოითხოვს. ამიტომ სპეციალისტების რეკომენდაციაა, პროცესი ეტაპობრივად განხორციელდეს.
რაც შეეხება, ავარიული შენობების ჩანაცვლების საკითხს, დედაქალაქის მერმა თბილისის მთავრობის გუშინდელ სხდომაზე ანალოგიური პრობლემის მქონე მოქალაქეებს მოუწოდა, პროგრამაში აქტიურად ჩაერთონ.
„მინდა, მოვუწოდო ყველას, ვისაც ანალოგიური პრობლემა გააჩნია – იაქტიურეთ, მიმართეთ ადგილობრივ გამგეობებს. სამწუხაროდ, გვაქვს 10 ათასამდე ავარიული შენობა-ნაგებობა, მაგრამ ამ პროგრამით შეგვიძლია, მათ ნაცვლად თანამედროვე საცხოვრებლები ავაშენოთ. ქალაქში ჯერ კიდევ უამრავი პრობლემა და გამოწვევა გვაქვს, თუმცა ადამიანის უსაფრთხო საცხოვრებლით უზრუნველყოფა, ჩვენი ნომერ პირველი პრიორიტეტი და პასუხისმგებლობაა. ამიტომ, გთხოვთ, ჩაერთეთ მუნიციპალურ პროგრამებში, რათა თქვენ და თქვენმა შვილებმა იცხოვროთ უსაფრთხოდ და არ გქონდეთ კორპუსის ჩამოშლისა თუ სხვადასხვა დაზიანების მიღების შიში“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ნაძალადევის რაიონის გამგეობა ცოტნე დადიანის ქუჩა N2-ის მცხოვრებლებს, სადაც ავარიული კორპუსის იატაკი ჩამოიშალა, დროებითი თავშესაფრის მიცემის მიზნით, ქირით გაყვანას კიდევ ერთხელ სთავაზობს. აღნიშნულ მისამართზე მცხოვრებლებმა გასულ წელს უარი განაცხადეს მუნიციპალიტეტის შეთავაზებაზე – ესარგებლათ ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამით, მანამდე კი გამგეობა მათ ქირით უზრუნველყოფდა.
თბილისის მერის ინფორმაციით, კორპუსის ამხანაგობის წარმომადგენლები იმსჯელებენ, მერიის პროგრამაში ჩაერთვებიან თუ კერძო ინვესტორთან განაგრძობენ მოლაპარაკებას. საკითხის გადაწყვეტამდე, მოსახლეობას რაიონული გამგეობა, დროებითი თავშესაფრის მიცემის მიზნით, ქირით გაყვანას სთავაზობს. ადგილზე მუშაობას განაგრძობენ სახელმწიფო უწყებებისა და მუნიციპალური სამსახურების თანამშრომლები. მომხდართან დაკავშირებით, მიმდინარეობს გამოძიებაც.
სპეციალისტები ფიქრობენ, რომ დროულად არის მისაღები გადაწყვეტილება. მით უმეტეს, ბოლო წლების განმავლობაში სახლების კედლების ჩამონგრევის არაერთი შემთხვევაა აღრიცხული. ინჟინერ-მშენებელი და სამშენებლო მასალების ექსპერტი გიორგი შვანგირაძე აცხადებს, რომ ავარიული შენიობების ჩანაცვლების პროცესი უნდა დაიწყოს ე.წ. იტალიური სახლები,, რომლებიც ყველაზე ძველი ნაგებობებია და მობინადრეებისთვის იქ ცხოვრება რისკთანაა დაკავშირებული.
,,თბილისის მასშტაბით უამრავი ავარიული შენობაა. ერთიანად რომ გამოასახლო ამდენი ადამიანი, ეს წარმოუდგენელია. ამდენი საცხოვრებლის ჩანაცვლება ასე ვერ მოხერდება, თანაც უზარმაზარ რესურსს მოითხოვს. აქედან გამომდინარე, სჯობს, ჯერ საფუძვლიანი კვლევა ჩატარდეს. მაგალითად, თუკი შედარებით ნაკლებად დაზიანებული სახლების მდგრადობა თუნდაც 10-წლიან პერიოდში დასაშვებია, მათი რეკონსტრუქცია მისაღებია. საკმაოდ ავარიული, მაღალი რისკის ბინებიდან კი ადამიანები უნდა გამოასახლონ და ალტერნატიული ფართები გადასცენ.
აუცილებელია იმ შენობების დემონტაჟი, რომელთა გამაგრებას აზრი არ აქვს, ავარიულობის მასშტაბიდან გამომდინარე. ცხადია, მობინადრეებისთვის ეს სწორი გადაწყვეტილებაა. ვისაც არ აქვს საშუალება, საკუთარი ხარჯით შეიცვალოს საცხოვრებელი, მათ მუნიციპალიტეტი დაეხმარება. არის შენობები, რომლის რეკონსტრუქციას ნამდვილად არ აქვს აზრი, იმდენად ძველია და საცხოვრებლად გამოუსადეგარი.
რეალურად ,,ხრუშჩოვკებსაც” გაუვიდა ვადა, მაგრამ ზოგი მათგანი ჯერ კიდევ უპრობლემოდ დგას და მობინადრეებს ემსახურება. უფრო საშიშია იტალიური სახლები, რომლებიც ნგრევის პირასაა, დაძრულია და ელემენტარულად, საძირკველიც მოშლილი აქვს. ნებისმიერმა პატარა მიწისძვრამაც შეიძლება პრობლემა წარმოშვას. არაერთი ასეთი შემთხვევის მომსწრე ვართ. საუკუნეზე მეტი ხნისაა შენობების უმეტესობა, ზოგი მე-19 საუკუნეშია აგებული და უკვე აღარ არის უსაფრთხო.
მობინადრეებმა უნდა მიმართონ მერიას, რათა შეისწავლონ, რამდენად მდგრადია ესა თუ ის ვადაგასული შენობა. ზოგიერთს კვლევაც არ სჭირდება, თვალის ერთი შევლებვითაც შესამჩნევია, თუ რა მდგომარეობაშია ესა თუ ის სახლი, რომელიც დემონტაჟს საჭიროებს და ექსპლუატაციის ელემენტარულ პირობებს ვერ აკმაყოფილებს”, – განაცხადა გიორგი შვანგირაძემ.
რაც შეეხება პრობლემის მოგვარების გზებს, ურბანისტები ღიად აცხადებენ, რომ აქამდე არასწორი მიდგომა იყო, რაც პრობლემის მოგვარებას ხელს უშლიდა. საუბარია იმაზეც, რომ პროცესში კერძო სექტორთან ერთად ჩაერთონ მუნიციპალიტეტებიც და პრობლემა ერთობლივი ძალისხმევით გადაწყდეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ურბანისტმა გუკა ცეცხლაძემ ისაუბრა.
,,ათეული წლებია, ავარიული შენობების საკითხი დგას ქვეყანაში და დღემდე ვერ გადაწყდა. ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს სცადეს, რომ პრობლემა კერძო სექტორის აქტიური ჩართვით მოეგვარებინათ, მაგრამ მიდგომამ ვერ გაამართლა. სანამ ქმედითი ნაბიჯების მუნიციპალიტეტების მხრიდან არ გადაიდგმება, ეს საკითხი კიდევ უფრო გაჭიანურდება. ვერ ვგეტყვით, ზუსტად რამდენია ისეთი ავარიული სენობა, რომელიც რეკონსტრუქციასაც არ ექვემდებარება.
დასახელებული ციფრი 10 ათასი, საკმაოდ ბევრია, მათი ნახევარი მთლიანად ჩასანაცვლებელია. ეს უნდა მოხდეს ეტაპობრივად, ხელის ერთი მოსმით და მარტივად პრობლემა ვერ მოგვარდება. ბიზნესს თავისი ინტერესები აქვს, მოსახლეობას – თავისი, ყველა მხარის პოზიცია უნდა შეჯერდეს და რაღაც შუალედი გამოინახოს. რეალურად უსაფრთხოების დიდი პრობლემაა დედაქალაქში, შენობები იმდენად ავარიულია, რომ ზოგან კედელი ინგრევა, ზოგან – იატაკი, ერთი პატარა მიწისძვრა და ყველა ასეთი შენობა მთლიანად ჩამოინგრევა, წარმოდგენაც არ შეიძლება, რა საფრთხის წინაშეა მოსახლეობა. ამიტომ სასწრაფოდ არის ზომები მისაღები, რომ მოხდეს შენობების ჩანაცვლება ან გამაგრება, სად რა საჭიროებასაც დაინახავენ”, – აღნიშნა ურბანისტმა.
ცნობისთვის, ავარიული სახლების ჩანაცვლება არ არის გათვალისწინებული ისტორიულ უბნებში, ვინაიდან იქ განაშენიანების პარამეტრები მკაცრად შეზღუდულია. ის მეთოდები, რაც არის სხვადასხვა უბნებში და რაიონებში, ისტორიულ უბნებში არ გამოიყენება.
