10-წლიან სამოქმედო გეგმის ფარგლებში ქვეყანაში უნდა აშენდეს ჰიდროენერგიის, მზისა და ქარის სადგურები – ინგა ფხალაძე

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ინგა ფხალაძის განცხადებით, საქართველოს მთავრობა, ენერგეტიკული სტრატეგიის შესაბამისად, აქტიურად მუშაობს 10-წლიან სამოქმედო გეგმაზე, რომლის ფარგლებშიც ქვეყანაში უნდა აშენდეს ელექტროენერგიის გენერაციის ობიექტები, მათ შორის, ჰიდროენერგიის, მზისა და ქარის სადგურები.
„ჩვენი ენერგეტიკული პოლიტიკის ფარგლებში ძალიან ინტენსიურად განვიხილავთ მნიშვნელოვანი, სტრატეგიული ჰესების მშენებლობას, რომლებიც სრულად დააკმაყოფილებს ქვეყნის შიდა მოხმარებას, თითქმის გაანულებს იმპორტის საჭიროებას და გაზრდის ელექტროენერგიის საექსპორტო შესაძლებლობებს, მათ შორის, ევროპის ქვეყნებში შავი ზღვის წყალქვეშა ენერგეტიკული კაბელის მეშვეობით“ – აღნიშნა ინგა ფხალაძემ.
მინისტრის მოადგილის შეფასებით, ამ პროცესში ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ელექტროენერგეტიკული ქსელის მოდერნიზაცია და გაფართოება.
„ძალიან დიდი სამუშაოა გასაწევი იმისთვის, რომ მოხდეს ქსელის აღდგენა და გაფართოება. ელექტროენერგეტიკულ ქსელს უნდა შეეძლოს ახალი გენერაციის მიღება და გატარება, რომელიც, მაგალითად, უახლოესი 4-5 წლის განმავლობაში შეემატება ქვეყანას. ჩვენ ვამუშავებთ გეგმებს, რომლებიც ითვალისწინებს ქსელის გაფართოებას, გარემონტებას, ასევე იმ ლიცენზიებისა და მემორანდუმების დახვეწას, რომლებიც სინქრონულად ოპერირების წარმართვისთვის არის მნიშვნელოვანი“ – განმარტა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.
როგორც ინგა ფხალაძემ აღნიშნა, ენერგეტიკული პოლიტიკა, რომელიც დღეს ეკონომიკის სამინისტროში მუშავდება, პირდაპირ მიმართულია ქვეყნის ეკონომიკური ზრდისკენ და იმ მიზნებისკენ, რომ მოხდეს ქვეყნის ინტეგრაცია როგორც მეზობელი, ისე ევროპული ქვეყნების ბაზრებთან ელექტროენერგიით ძალიან გამართულ, წარმატებულ ვაჭრობაში.
ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.