“10 წელი ციხეში და ახალი დანაშაული თავისუფლებამდე რამდენიმე კვირით ადრე” – ბაჩიაშვილზე თავდამსხმელის, 28 წლის პირის უცნაური ისტორია – მედია

ტვ პირველის ინფორმაციით, ბიზნესმებ გიორგი ბაჩიაშვილს ციხის საკანში სასტიკად გაუსწორდა, 28 წლის კახი მეტრეველია.
“შაბათის ეთერის” ცნობით, მოსამართლე არსენ კალატოზიშვილის მიერ ბაჩიაშვილზე თავდასხმიდან მეორე დღეს გამოცემული გაჩინებით დადგინდა თავდამსხმელის ვინაობა.
აღმოჩნდა, რომ გიორგი ბაჩიაშვილზე თავდამსხმელი 10 წელია, სასჯელს არაერთი მუხლით იხდის, თუმცა ოჯახი ირწმუნება, რომ ის ქსნის ციხეში იყო მოთავსებული. გათავისუფლებამდე ცოტა ხნით ადრე, სასჯელაღსრულების მე-15 დაწესებულებიდან გლდანის ციხის იმ საკანში, სადაც ბაჩიაშვილი იყო, რატომ გადაიყვანეს, ამ კითხვაზე პასუხი არც კახი მეტრეველის დედას აქვს. კახი ალექსანდრეს ძე მეტრეველი ამჟამად მე-18 დაწესებულებაში იმყოფება.
კახი მეტრეველს, რომელმაც გიორგი ბაჩიაშვილს ჭრილობები მიაყენა, სასტიკად, გაუსწორდა და დაკბინა, ციხე ოჯახის წევრების თქმით, რამდენიმე კვირაში უნდა დაეტოვებინა, რადგან აგვისტოში მისი პატიმრობის ვადა სრულდება.
რატომ შეუცვალეს ციხე მეტრეველს? თან ისე, რომ ოჯახისთვის არც კი უცნობებიათ.
რატომ გადაწყვიტა მოულოდნელად, ციხიდან გამოსვლამდე სულ ცოტა ხნით ადრე, ახალი დანაშაული ჩაედინა?
ტვ პირველი წერს, რომ 28 წლის მეტრეველი ციხეში კრიმინალურ სამყაროს დაუხლოვდა და ქსნის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ერთ-ერთი კორპუსის ე.წ. მაყურებელი გახდა.
საინტერესოა კიდევ ერთი დეტალი – ბაჩიაშვილის მიერ სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლისთვის ნაკარნახევ წერილში ვკითხულობთ, რომ მეტრეველს საკანში შესვლისას ჯინსის შარვალი ეცვა. ეს სამოსი კი ციხეში აკრძალულია.
იყო, თუ არა, ის ციხის გარეთ გაყვანილი, შეხვდა თუ არა ვინმეს, უკვე ეს კითხვაც კი შეიძლება არსებობდეს.
გიორგი ბაჩიაშვილს თავს საკანში 11 ივლისს დაესხნენ.