10 წელი აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ამოქმედებიდან – სოფლის მეურნეობის სექტორში სახელმწიფო მხარდამჭერი პროგრამა ერთი ათეული წელია მოქმედებს, თუმცა მისი მოცვა ჯერ კიდევ ძალიან მცირეა. დარგობრივი ასოციაციის ინფორმაციით, აგროდაზღვევის პროგრამაში ამ ეტაპზე ფერმერთა მხოლოდ 10%-ია ჩართული.
მიუხედავად იმისა, რომ სადაზღვევო პრემიის დიდ ნაწილს სახელმწიფო იხდის, რაც პროგრამით გათვალისწინებულ ყველა კულტურაზე 70%-ს შეადგენს, მასში მონაწილეობა ფერმერებისთვის მაინც ნაკლებად მიმზიდველია. როგორც ფერმერთა ასოციაციაში განმარტავენ, სახელმწიფო პროგრამა ძირეულ ცვლილებებს საჭიროებს. ჰექტარზე საშუალო მოსავლიანობა და ფასები, რომლის გათვალისწინებითაც ზარალის ანაზღაურება უნდა მოხდეს, 10 წლის წინ დადგინდა, რაც დღეს არსებულ რეალობას ვერ პასუხობს. რატი კოჭლამაზაშვილის თქმით, პრობლემაა ზარალის შეფასებაც და ანაზღაურების ვადები.
“საშუალო საგექტრო მოსავლიანობა და საშუალო ფასი, რომლითაც დგინდება ზოგადად ანაზღაურება – ეს არის მთავარი გამოწვევა ამ კუთხით, როცა ფერმერებთან ვსაუბრობთ. ფერმები საკმაოდ დიფერენცირებულია, გაჩნდა ბიზნესზე ორიენტირებული, თანამედროვე ფერმები, რომლებიც მაღალ ხარისხზე მუშაობენ, მოსავლიანობაც მაღალია და ფასიც საკმაოდ გაიზარდა ამ პერიოდში. აქედან გამომდინარე, 10-წლიან პერიოდში საკმაოდ გაზრდილია ფასები ამ კუთხით, მაშინ როდესაც ეს პროგრამა ისევ ეყრდნობა 10 წლის წინ შემუშავებულ ფასებს, აქედან გამომდინარე, როცა ვსაუბრობთ თანამედროვე ფერმებზე, მაღალპროდუქტიულ ჯიშებზე, ამ ფერემრებისთვის ეს ტარიფები არ არის მიმზიდველი, თუმცა გარკვეული ნაწილი იყენებს, რადგან სხვა ალტერნატივა არ არსებობს. გამოწვევები ასევე კლასიკურად იყო თავიდანვე და ეს არის გვიანი შეფასება, შეფასების სუბიექტურობა, ანაზღაურებაზეც იყო დაგვიანებები და ა.შ.
მეთოდოლოგიურად შეგვიძლია ვთქვათ, რომ აუცილებელია ამ პროგრამის ძირეული ცვლილება. ასევე უნდა მოხდეს ფერმერების გამიჯვნა, თანამედროვე ბაღების კომპონენტის დამატება, რაზედაც გვქონდა საუბარი სააგენტოსთან და სადაზღვევო ასოციაციასთან და გარკვეული მოსამზადებელი პერიოდი არსებობს და იმედია, ამ კუთხით გადაიდგმება ნაბიჯები, რომ თანამედროვე ბაღებს ჰქონდეთ რისკების დაზღვევის მექანიზმი”,- აცხადებს რატი კოჭლამაზაშვილი.
სახელმწიფო აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში ზარალის ანაზღაურების კრიტერიუმებია მთავარი მიზეზი, რის გამოც ფერმერთა დიდი ნაწილი სახელმწიფო თანადაფინანსების მიუხედავად საკუთარი ბაღებისა, თუ ნაკვეთების დაზღვევაზე უარს ამბობს. ფერმერები bm.ge-სთან ამბობენ, რომ ზარალის შეფასება შემფასებლის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. ისინი მზად არიან გაცილებით მეტი გადაიხადონ დაზღვევაში, თუ სადაზღვევო კომპანიები მათზე მორგებულ სადაზღვევო პროდუქტს შესთავაზებენ.
ნიკა გეთიაშვილი, ფერმერი, ხილის მწარმოებელი:
“იმდენად მიზერულ ფასს ანგარიშობენ ატამზე და ვაშლატამაზე. წელს მაგალითად, თუ ღირდა 2 -2,5 ლარი, მათ უწერიათ 65 თეთრში. მე თანახმა ვარ აგროდაზღვევაში უფრო მეტი პრემია გადავიხადო და დაზღვევა იყოს უფრო სრულფასოვანი.
სადაზღვევო კომპანიის თანამშრომლები რომ ჩამოდიან და აფასებენ ზარალს, 10-დან 9 შემთხვევაში ხდება დაპირისპირება მათსა და ფერმერს შორის, რადგან ფერმერი უკმაყოფილოა, ხდება კონფლიქტი და კატასტროფული სიტუაციაა.
დებულებაში უდევთ ასეთი მუხლი, რომ თუ მაგალითად სეტყვა მოვიდა და დაგიზიანა ნაყოფი და თუ მცირე დაზიანებაა ის ზარალში არ ითვლება და 1სმ² ღრმული უნდა იყოს დაზიანება, რომ ზარალში ჩაგითვალონ. ეს არის ძალიან დიდი დაზიანება, რომელსაც როგორც წესი სეტყვა არ აყენებს ნაყოფს. 10-დან 9 შემთხვევაში სეტყვა როცა მოდის, ნაყოფის ასეთი დაზიანება არ ხდება”.
ლაშა ხიზანიშვილი, მევენახე ფერმერი:
“ხელშეკრულებაში არ არის ნათლად ჩამოყალიბებული ის გაზომვადი კრიტერიუმები, რომლითაც უნდა მოხდეს სტიქიის ან სხვა უბედურების შემთხვევაში ზარალის გამოანგარიშება. სრულად არიან დამოკიდებული ფერმერები ექსპერტის კეთილსინდისიერ განწყობაზე. ეს არის მიზეზი, რის გამოც მე პირადად არასდროს დამიზღვევია ჩემი მოსავალი”.
დღეის მდგომარეობით სახელმწიფო აგროდაზღვევის პროგრამაში სამი სადაზღვევო კომპანია მონაწილეობს, ალდაგი თიბისი დაზღვევა და ნიუ ვიჟენ დაზღვევა. თიბისი დაზღვევის გენერალური დირექტორი პროგრამაში ცვლილებების რესურსს ხედავს, რაზედაც როგორც ირკვევა ,სამინისტროსთან სამუშაო ფორმატში მსჯელობენ. თიბისი დაზღვევის წილი აგროდაზღვევაში 20-30%-მდეა. როგორც კომპანიაში ამბობენ, ძირითადად კახეთის და შიდა ქართლის რეგიონებს ფარავენ, სხვა რეგიონებში კი პენეტრაციის მაჩვენებელი ძალიან დაბალია.
“არის 4 ძირითადი რისკი, რომელიც დღეის მდგომარეობით იფარება და რადგანაც პრემია არ არის დაბალი აგროდაზღვევაში სახელმწიფოს ჩართულობა და პრემიის სუბსიდირება ეხმარება ჩვენს ფერმერებს და გლეხებს, რომ მოახდინონ დაზღვევის შეძენა. არის შესაძლებლობა კიდევ უფრო დაიხვეწოს პროდუქტი, თუმცა იმისათვის, რომ უფრო დაბალანსებული და კარგი გამოვიდეს, საჭიროა მოცვა გაიზარდოს და მხოლოდ ერთ ან ორ რეგიონზე არ იყოს გაკეთებული აქცენტი, ვინაიდან ამ შემთხვევაში ეს პირდაპირპროპორციულად აისახება ფასთწარმოქმნაზე და აძვირებს პროდუქტს მნიშვნელოვნად.
ამ განხილვებში რეგულარულად ვართ სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად, გავდივართ რა შესაძლებლობებია და რა მიმართულებებით შეიძლება ან ფასის გადახედვა ან სხვა დაფარვის პირობების გადახედვა, მაგრამ ჯერჯერობით ის მექანიზმები რაც არის, მე ვფიქრობ, კარგად მუშაობს, რადგან ძირითადად რისკების თავმოყრა ორ რეგიონზე ვრცელდება, როგორიც არის კახეთში ვაზი და სხვა ხეხილი და ასევე შიდა ქართლში ანალოგიურად ხეხილის მიმართულება.
ჩვენ ვატარებთ მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევას და ვცდილობთ გავიზიაროთ ის წუხილები და შენიშვნები, რომელიც მოდის ჩვენი მომხმარებლებისგან და ის შემდეგ წელიწადს გავასწოროთ, თუმცა გარკვეულწილად ეს შეზღუდულია იმ დაფარვებით და იმ პირობებით, რაც ჩვენსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის გაფორმებული თანადაფინანსების პირობებით არის გათვალისწინებული”,- აცხადებს bm.ge-სთან “თიბისი დაზღვევის” გენერალური დირექტორი დავით კიღურაძე.
სახელმწიფო აგროდაზღვევის პროგრამა დღეის მდგომარეობით 4 სახის სტიქიურ მოვლენას აზღვევს,როგორებიცაა:სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი და საშემოდგომო ყინვები. 10 წლის განმავლობაში პროგრამას ძირეული ცვლილება არ განუცდია. ეს არის პროგრამა, რაზედაც სახელმწიფო წლის განმავლობაში მილიონობით ლარს ხარჯავს. მაგალითად, წელს ბიუჯეტში ამ მიმართულებით 12 მილიონი ლარია გათვალისწინებული.
წყარო: bm.ge