იმერეთის სოფელ გორდის მკვიდრი გია ღაჭავა თითქმის 10 წელია ხილს იბარებს და მისგან სხვადასხვა პროდუქტს ქმნის. ბიზნესმენი ხილისგან ჩირებს, ტყლაპებსა და კანფეტებს ამზადებს. საქმიანობა 2015 წელს დაიწყო და კომპანია ,,გორდული’’ დააარსა. ხილს სპეციალურ საშრობში აშრობს და ჩირებს ამზადებს. თუმცა ბიზნესმენს საქმის გაფართოება სურს. რამდენიმე წელია აშენებს საწარმოს, რომლის დასრულებასაც ამ ზამთარში გეგმავს.
,,ჯერჯერობით მცირე საწარმო გვაქვს და ვაშენებთ დიდს. ამ ზამთარში ვამთავრებ მშენებლობას. დაცულად ვაშრობ ხილს. დახურულად ვაშრობ, რომ მწერები არ მიეკაროს. მაქვს საშრობი, სადაც ჩირს ზაფხულშიც ვინახავ. დასაქმებული მყავს 22-დან 30-მდე თანამშრომელი. სხვადასხვა რაოდენობის მუშახელს ვიყვანთ.’’- აცხადებს გია ღაჭავა.
კომპანია ,,გორდულის’’ დამფუძნებელი ახალი საწარმოს ამუშავების პრობლემაზე საუბრობს. ამბობს, რომ მთავარ გამოწვევას სოფელში ბუნებრივი აირის არარსებობა წარმოადგენს. გია ღაჭავა განმარტავს, რომ შეშაზე ხილის დამუშავება ბევრად ძვირი ჯდება და ამავდროულად პროდუქტის შექმნას გაცილებით მეტი დრო სჭირდება, რაც ბიზნესმენს ხარჯებს უზრდის.
,,საწარმოს ასამუშავებლად ერთი პრობლემა გვაქვს. ძირითადი პრობლემა არის უგაზობა. დაგვპირდნენ გაზს შემოვიყვანთო და რამის 10 წელია გაზი არ შემოუყვანიათ სოფელში. ძირითადად ხილს ვხარშავ და მოხარშვის შედეგად მიღებულ ნახარშებს ერთმანეთს ვურევ. ვაშრობ და ვაკეთებ ტყლაპებს. ტყლაპისგან ვაკეთებ კანფეტებს. შეშის ძალიან დიდი ენერგია იხარჯება ხარშვაზე. ეს ხარჯებს ზრდის და დროსაც გვართმევს. უგაზობა დიდი პრობლემაა.’’- აცხადებს გია ღაჭავა.
ბიზნესმენი აცხადებს, რომ ბუნებრივი აირით უზრუნველყოფას არ დაელოდება და ახალ საწარმოს ისე აამუშავებს. ,,საწარმოს ისედაც ავამუშავებ, მაგრამ ხარჯი მაქვს მეტი. როდესაც გაზით აწარმოებ პროდუქციას უფრო მარტივია. შეშას რომ ვიყიდი, დავაპობ და შევიტან ფაქტობრივად ორმაგი ხარჯია.’’- აცხადებს გია ღაჭავა.
