10 ქართველ სტუდენტს შესაძლებლობა ექნება, მუჰამედ ბინ ზაიედის ხელოვნური ინტელექტის უნივერსიტეტში ისწავლოს.
ამის შესახებ არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩმა საქართველოში აჰმედ ალნუაიმიმ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
„მოხარული ვარ, დღეს გაგიზიაროთ, რომ 10 ქართველ სტუდენტს შესაძლებლობა ექნება, ისწავლოს მუჰამედ ბინ ზაიედის ხელოვნური ინტელექტის უნივერსიტეტში, რათა გაიფართოონ საკუთარი ცოდნა“, — განაცხადა ელჩმა.
მას დეტალები არ დაუკონკრეტებია – ვინ დააფინანსებს ქართველ სტუდენტებს.
„ქართულმა ოცნებამ“ აჰმედ ალნუაიმი პარლამენტში საქართველო-არაბთა გაერთიანებული საამიროების ურთიერთობებისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო პოლიტიკის თემაზე სასაუბროდ მიიწვია. ელჩის შესავალი სიტყვის შემდეგ მოსმენა დახურულ რეჟიმში გაგრძელდა.
მუჰამედ ბინ ზაიედის ხელოვნური ინტელექტის უნივერსიტეტი (MBZUAI) აბუ-დაბიში მდებარეობს. ის სტუდენტებს სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს სთავაზობს.




