15 მაისიდან 1 ივნისამდე 10 ქართველი დიზაინერის პროდუქცია ტოკიოში, ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სავაჭრო ცენტრ – ARCO-ში გაიყიდება. ამის შესახებ BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ სააგენტო VITRINE-ის დამფუძნებელმა მადო რომანაძემ და VITRINE-ის ბიზნეს პარტნიორმა და Gafa-ს დირექტორმა გიორგი ჩემინავამ ისაუბრეს.
“ვიტრინი” სააგენტოა, რომელიც ქართულ კომპანიებს ექსპორტზე გასვლაში ეხმარება. “ვიტრინი” სულ ორი წელია რაც დაფუძნდა და მისი სერვისები იმ საჭიროებებს პასუხობს, რაც დღეს ქართველ დიზაინერებს აქვთ. მოდის სააგენტო ქართულ და არა მხოლოდ ქართულ კომპანიებს კვალიფიციურ საკონსულტაციო და საორგანიზაციო მომსახურებას უწევს, ამასთან ექსპორტზე ორიენტირებული კომპანიებისთვის სტრატეგიული გეგმის შემუშავებასაც უზრუნველყოფს და ადგილზე პროდუქციის რეალიზაციაში ეხმარება.
როგორც სააგენტოს დამფუძნებელი მადო რომანაძე ამბობს, მისი ბრენდი MAROMA COLLECTION, რომელიც იაპონიის ბაზარზე 4 წლის განმავლობაში ოპერირებდა, სტიმული გახდა, რომ სხვა ბრენდებსაც დახმარებოდა და ექსპორტით დაინტერესებული ქართული კომპანიებისთვის საშუალება მიეცა, აზიის ბაზარზე გასულიყვნენ. ამასთან, გარდა ქართული კომპანიების დაინტერესებისა, თვითონ აზიის ბაზრიდანაც დიდია მოთხოვნა და ინტერესი. სწორედ, ინტერესის გაზრდის გამო, გაჩნდა საჭიროება, რომ ასეთი სააგენტო დაფუძნებულიყო.
“სააგენტო, ფაქტობრივად, ყველა სერვისს აწვდის, დაწყებული სტრატეგიის დაგეგმვიდან, ადგილზე გაყიდვებით დასრულებული. VITRINE-ის სერვისებით 10-მდე ქართველმა კომპანიამ ისარგებლა, რომლებიც მონაწილეობას სხვადასხვა აქტივობაში მიიღებენ. “ვიტრინში” არ არიან მხოლოდ ქართველი ექსპერტები წარმოდგენილი, აქ არიან ასევე ფრანგი ექსპერტებიც, რადგან საერთაშორისო გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია”, – ამბობს მადო რომანაძე.
VITRINE-ის ბიზნეს პარტნიორის და Gafa-ს დირექტორის გიორგი ჩემინავას განცხადებით, იაპონიის ბაზარი მსოფლიო ეკონომიკაში ძალიან მზარდი ბაზარი, მსყიდველუნარიანია და სიახლეებისთვისაც მზად არიან. მისივე თქმით, სააგენტო ქართული ბრენდების ტოკიოს მოდის კვირეულში მონაწილეობას გეგმავს, ზოგადად, რეგიონებისთვის არის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იქნება. ვინაიდან, ეს მოდის კვირეული მთლიან აზიის ბაზარს ფარავს.
“Gafa დაარსდა ევროკავშირისა და GIZ-ის მხარდაჭერით, რის შემდეგაც აქტიურად ვუწევთ მხარდაჭერას ქართულ ბრენდებს სხვადასხვა მიმართულებით, თუმცა პრიორიტეტი საექსპორტო მიმართულებაა. ქართულ კომპანიებს სხვადასხვა კომპანიებთან კონტაქტების დამყარებაში ვეხმარებით, როგორიცაა ქსოვილების და ფურნიტურის წარმოებაში, დოკუმენტების მომზადებაში სხვადასხვა ქვეყანაში. ეს იქნება თურქეთი, ევროკავშირის ქვეყნები თუ იაპონია. გვაქვს დიდი ბაზა ამ კომპანიების და ჩვენს წევრ კომპანიებს აქვთ საშუალება, რომ დაამყარონ კომუნიკაცია. ჩვენთან 40-მდე კომპანიაა გაწევრიანებული.
საქართველო არის პატარა ბაზარი, თუმცა უნიკალური ქვეყანაა, რომელიც ძალიან ნიჭიერ დიზაინერებს აერთიანებს. „ბაიერების“ მხრიდან კი, ამ დიზაინერებზე მოთხოვნა ძალიან დიდია. ქართველი დიზაინერების საერთაშორისო ბაზრებზე ასპარეზობის ფონზე კი ინტერესი სულ უფრო იზრდება. ჩვენ ძალიან კარგი კონტაქტები გვაქვს აზიის ბაზარზე. ახლა იაპონიის ბაზარზე ვართ ფოკუსირებული. ასოციაცია და სააგენტო VITRINE ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობენ”, – აღნიშნა ჩემინავამ.
