ტურისტულად პასიურ სეზონს საპროტესტო გამოსვლები და ქვეყანაში შექმნილი არასტაბილური ვითარება დაერთო თან. აღნიშნულმა ფაქტმა სასტუმროებისთვის ისედაც რთული პერიოდი კიდევ უფრო დაამძიმა. საპროტესტო გამოსვლების დაწყებიდან მალევე ჯავშნების უდიდესი ნაწილი გაუქმდა. შექმნილ გამოწვევაზე სექტორმა საუბარი დაიწყო. ცნობილია, რომ თბილისში 10-მდე სასტუმრო დაიკეტა, ნაწილმა კი დროებით გააჩერა მუშაობა, თუმცა ,,კომერსანტთან“ საუბარში ჩვენი რესპონდენტები მათ არ ასახელებენ. სექტორში შექმნილ პრობლემებზე ჩვენ სასტუმროების მენეჯმენტ კომპანია ,,DNT Group“-ის თანადამფუძნებელს დავით მესხს ვესაუბრეთ. ის აცხადებს, რომ სასტუმროების უმეტესი ნაწილი ზარალზეა. ეს რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა. მათ შორის არის ტურისტულად პასიური სეზონი და გაუქმებული ჯავშნები, რაც ქვეყანაში მიმდინარე პროტესტს უკავშირდება. სასტუმროების ნაწილს თანამშრომლების შენარჩუნება და ხელფასების გაცემა უჭირს. სწორედ ამიტომ, მათ დროებით მუშაობის გაჩერების გადაწყვეტილება მიიღეს.
,,აქციების პერიოდში ჯავშნების ნაწილი გაუქმდა. ამას დაერთო არასეზონური თვეები დეკემბერი, იანვარი და თებერვალი. სასტუმროებში საკმაოდ ცუდი სიტუაციაა. უმეტესობა ზარალზეა თბილისში განსაკუთრებით. რეგიონებშიც იგივე ხდება. ზარალს ვერ გეტყვით ვერც ციფრებში და ვერც პროცენტულად, თუმცა ბევრი სასტუმროსთვის ფინანსური საკითხი რთული გადასაგორებელია, რადგან თანამშრომლის გაშვება არ სურთ. მაქსიმალურად ცდილობენ, რომ სეზონამდე მივიდნენ. მნიშვნელოვანი გამოწვევაა ზამთრის გადაგორება. ჩვენს ქსელში არ დამდგარვართ ამ პრობლემის წინაშე, რომ თანამშრომელი გაგვეშვა ან ვინმესთვის ხელფასი შეგვემცირებინა, რადგან წლიურ ჭრილში ისედაც გვქონდა ჩავარდნის მოლოდინი და 12 თვიანი გათვლა ყოველთვის გვაქვს. თუმცა, თბილისში ბევრი სასტუმრო დაიკეტა. 10-მდე სასტუმრო ვიცი, რომელიც დაიკეტა. რამდენიმე სასტუმროში ხელფასების გადახდის პრობლემა ჰქონდათ და მფლობელებს გამოართვეს თანხები. ვიცი კონკრეტული სასტუმროები, რომელიც დაიკეტა, მაგრამ არ მინდა დავასახელო, რადგან აპრილიდან, როცა სეზონი დაიწყება ისევ აპირებენ გაიხსნან. შესაბამისად, ერიდებიან იმიჯურად ამ ფაქტის გახმაურებას. ამ პერიოდში სასტუმროს ოპერირება ნიშნავს, რომ ყოველთვე მფლობელმა დამატებით ფული იქით უნდა დადოს, რომ ბიზნესი შეინარჩუნოს.’’- აცხადებს დავით მესხი.
ტურისტული სეზონის დაწყებამდე ერთი თვე რჩება. DNT Group-ის თანადამფუძნებელი დავით მესხი იმედოვნებს, რომ მარტის ბოლოდან მომხმარებელთა რაოდენობა მოიმატებს. – ,,ველოდებით მარტს, როდესაც სეზონი მეტ-ნაკლებად იწყება. აპრილიდან შედარებით კარგი სიტუაციაა. ყოველ წელს ასეა და წელსაც ველოდებით, რომ სეზონი ისე ჩატარდება, როგორც სეზონს ეკადრება.’’- აცხადებს ის.
