რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებს დაახლოებით 10 დღეა, დაკავებული ჰყავთ საქართველოს მოქალაქე, ხაშურის სოფელ კლდისწყაროში მცხოვრები კაცი.
ინფორმაცია თავდაპირველად დღეს, 30 დეკემბერს ადგილობრივმა გამოცემა „ქართლის ამბებმა“ გაავრცელა ადგილობრივებზე დაყრდნობით, რაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დღესვე დაადასტურა.
„ქართლის ამბების“ ცნობით, იგი ცხენზე ამხედრებული ეძებდა სხვა, დაკარგულ ცხენს, რა დროსაც დააკავეს.
„ქართლის ამბები“ ციტირებს თანასოფლელს, რომელიც ამბობს, რომ დაკავებული ოჯახს დაუკავშირდა და აცნობა, რომ კარგად არის.
ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ აკრიტიკებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ამ ხნის განმავლობაში ინფორმაციის გაუვრცელებლობის გამო და ფეისბუკზე წერს:
„ჩორჩანასთან ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს, რაზეც სუსი 10 დღეა დუმს“.
სუს-ში ამბობენ, რომ „ინტენსიური მუშაობა“ მიმდინარეობს უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქის გასათავისუფლებლად.
რუსეთის საოკუპაციო ძალები საქართველოს მოქალაქეებს ხშირად აკავებენ უკანონოდ, – ზოგჯერ საოკუპაციო ხაზთან, ზოგჯერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, – განგრძობადი „ბორდერიზაციის“ პირობებში.
ფორუმი




