დედაქალაქისთვის ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა. მერიის ოფიციალური მონაცემებით, ქალაქში 10 000-ზე მეტი ავარიული შენობაა.
პრობლემას ყველა მხარე აღიარებს: მერიაც, ბიზნესიც და მოსახლეობაც, თუმცა გამოსავალზე ურთიერთშეთანხმების მიღწევა ფაქტობრივად, ვერ ხერხდება. ავარიული, საცხოვრებლად სახიფათო შენობების მდგომარეობა კი წლიდან წლამდე მხოლოდ მძიმდება, რადგან ექსპლუატაციის ვადა ზოგ შემთხვევაში ორჯერ და სამჯერ ამოწურულია.
როგორც რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ საინჟინრო აკადემიის წევრმა, თბილისის ყოფილმა მთავარმა არქიტექტორმა ირაკლი როსტომაშვილმა განაცხადა, არსებული მიდგომებით და ტემპებით ეს პრობლემა ქალაქში ვერასდროს მოგვარდება.
ამასთან, მისივე შეფასებით, დედაქალაქის მასშტაბით, 10 ათასზე ბევრად მეტი ავარიული შენობაა და საკითხის გადაჭრას პოლიტიკური გადაწყვეტილება სჭირდება.
“არასწორი მიდგომა გაქვს, ამ ტემპებით პრობლემა ვერასდროს მოგვარდება”
„არ ვიცი რაზე დაყრდნობით აქვთ ეს მონაცემი. შესაძლოა, საუბარი იყოს ავარიულობის კატეგორიებზე და ეს 10 ათასი შენობა არის მწვავედ ავარიული, რომელიც დაუყოვნებლივ დემონტაჟს და ჩანაცვლებას საჭიროებს. 10 ათასზე ბევრად მეტი ავარიული შენობაა თბილისში.
ალბათ, ყველა დამეთანხმებით, რომ დედაქალაქში ვერცერთ შენობას ვერ ნახავთ, სადაც რაიმე თვითნებური დაშენება/მიშენება არ არის, ფანჯარა არ არის გამოჭრილი ან სხვა. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ თბილისში ასეთი პრაქტიკულად არცერთი შენობა არ არის. მზად ვარ, ვისაც სურვილი ექნება სპეციალისტი იქნება თუ მედიის წარმომადგენელი, ავარჩიოთ სახლი და განახებთ 10 სხვადასხვა პრობლემას, რომელიც იმ სახლს ავარიულობის კატეგორიას აძლევს. ყველა მოქალაქემ უნდა გაიაზროს, რმ გასაკეთებელია ყველა შენობის პასპორტიზაცია, რომ დადგინდეს რა მდგომარეობაშია.
რაც შეეხება პრობლემის მოგვარების გზებს, არასწორი მიდგომა გაქვს და ამ ტემპებით ვერასდროს ვერ მივალთ იქამდე რომ ეს პრობლემა სრულად მოგვარდეს. ავარიული კორპუსების ჩანაცვლებას მხოლოდ ბიუჯეტის გამოყოფა არ შველის, ამას სჭირდება პოლიტიკური გადაწყვეტილება, ეს უნდა იყოს პრიორიტეტი და რაღაც ერთი მიმართულებით უნდა ვიაროთ. სხვა შემთხვევაში, ამ ტემპებით, რაც არ უნდა ცუდი მოსასმენი იყოს და რადიკალურად ვსაუბრობდე, არაფერი ეშველება,“ – განაცხადა ირაკლი როსტომაშვილმა.
