1.7 მლნ-იანი ავტოპარკიდან 300 ათასი მანქანა გაჩერებულია – უტილიზაციის გეგმა არ არსებობს

თბილისში ათასობით ჯართად ქცეული ავტომობილია, რომელიც საპარკინგზე ადგილს იკავებს. მდგომარეობა განსაკუთრებით მწვავეა საცობების ფონზე, რასაც მერია ჯერჯერობით ვერაფერს შველის. მართალია, ტექნიკური შემოწმების ვალდებულება არსებობს და საკმაოდ მკაცრი კონტროლია, მაგრამ კანონმდებლობაში ჯერ კიდევ არ არის განსაზღვრული, რა უნდა გაკეთდეს იმ ავტომობილებისთვის, რომელიც რეალურად ვერსადროს იმოძრავებს, მაგრამ სივრცეს კი იკავებს.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ბოლო მონაცემებით, საქართველოში 1.7 მლნ-მდე ავტომობილია რეგისტრირებული, თუმცა ამათგან, რამდენია ჯართად ქცეული ან უბრალოდ გაჩერებული, უცნობია.
საავტომობილო დარგის ექსპერტი შალვა ბუაჩიძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ უტილიზაციის საკითხი ჩვენი ქვეყნისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. თემა ეხება ნებისმიერ და განსაკუთრებით საავტომობილო სფეროს.
,,უტილიზაცია ქვეყანაში ძალიან დიდი პრობლემაა, არადა ყველა ნორმალურ ქვეყანაში ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ჩვენთან ავტონაწილები, რომელიც იცვლება, უბრალოდ, ნაგავში იყრება, რაც ყოვლად დაუშცვებელია. საქართველოში კარგა ხანია ჰიბრიდები შემოვიდა, მრავლდება ელექტრომობილებიც და ელემენტები, რომლითაც ეს ავტომობილებია აღჭურვილი ჯანმრთელობისა და გარემოსთვის, პირდაპირი მნიშვნელობით ბომბივითაა. აუცილებლად საჭიროა შესაბამისი მართვას. ზოგადად, არც ძრავისა და არც სხვა ნებისმიერი ნაწილის გადაყრა არ შეიძლება”, – განაცხადა შალვა ბუაჩიძემ “რეზონანსთან” საუბრისას.
საკითხის მოგვარების გზებზე საუბრისას მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ პრობლენის მასშტაბებიდან გამომდინარე, სახელმწიფო უნდა ჩაერიოს და პრობლემის გადაჭრის გზები გამონახოს.
,,ეკოლოგიური და ნებისმიერი სხვა თვალსაზრისით ეს საკითხი საფრთხის შემცვლელია. ეს ნარჩენები კავშირშია გარემოს დაცვასთან, ჩვენს უსაფრთხოებასთან. საკითხის მოგვარება ჩვენი მომავალი ჯანმრთელობისთვის და ჯანსაღი გარემოსთვის ძალიან აუცილებელი და მნიშვნელოვანია. ელექტრომობილები შეიცავენ ლითიუმ-იონურ ელემენტებს. წარმოდგენისთვის, ერთი მანქანა დაახლოებით 1000 ცალ მობილური ტელეფონის ბატარეას შეიცავს. ეს არაა პატარა რიცხვი და ამის გატარება არ შეიძლება. აქამდე პრობლემა მხოლოდ აკუმლატორები იყო, დღეს მასშტაბი გაიზარდა. მომრავლდა ელექტროხელსაწყოები და სხვა მოწყობილობები. ქიმიური შენაერთები აუცილებლად უნდა უტილიზდებოდეს. ქვეყანაში, სადაც ამდენი ნაგავი იყრება და გადამუშავება არ ხდება, შეიძლება ვინმემ თქვას, რა დროს მანქანებიაო, მაგრამ, სამწუხაროდ, ასე არაა. იმდენად ვითარდება ეს სფერო, რომ დაგვიანებულიც კი მგონია ამ საკითხზე საუბარი. თადარიგი იმთავითვე უნდა დაგვეჭირა. საქართველო პატარა ქვეყანაა და ასეთი საკითხების მოგვარებას კერძო ბიზნესს ვერ დაავალდებულებ. ჩვენი ბაზარიც მცირეა. ამიტომ აუცილებელია სახელმწიფო ნება და სპეციელური პროგრამების შემუშავება. რამდენად იძლევა ფინანსურ უკუგებას ვერ გეტყვით. თემას შესწავლა სჭირდება. ფაქტია, პრობლემა დროში განგრძობადია და თუ არ მოხდა მისი მოგვარება, ეკოლოგიურ კატასტროფას გამოიწვევს. იმატებს დაავადება და ათასი უბედურება. რადგან პრობლემა ხილული არაა, სერიოზულად არ აღიქვამენ, ასე თუ გაგრეძელდა კატასტროფულ შედეგს მივიღებთ”, – აღნიშნა ბუაჩიძემ.
მწყობრიდან გამოსული მანქანების რაოდენობა სტატისტიკურად მზარდია. საქართველოს ყოველ კუთხე-კუნჭულში შეხვდებით ასეთ ავტომობილებს. მათი ზუსტი რაოდენობა უცნობია. მისი მოგვარების გზები, ამ ეტაპისთვის დასახული არაა. მოძრაობა – ,,ჩემი ქალაქი მკლავს” – დამფუძნებლის გიორგი ჯაფარიძის აზრით, უმოქმედო ავტომობილების ზუსტი რაოდენობის დადგენა აუცილებელია. პრობლემის მოგვარება ბევრ საკითხს მოაწესრიგებს, მათ შორის საპარკინგე საკითხებსაც, რომელიც დედაქალაქს ძალიან აწუხებს.
,,გაჩერებული, ანუ ჯართი ავტომობილები საქართველოში სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. მათი დეტალური აღწერა და სრული რაოდენობის ცოდნა აუცილებელია. თბილისის, სადაც საპარკინგე ადგილები პრობლემას წარმოადგენს, დაახლოებით 20-30 ათასი ადგილი გათავისუფლდება. პირველ რიგში საჭიროა აღწერა, შემდგომში კი შესაბამისი კანონის მიღება. დავავალდებულოთ მეპატრონეები ჯართში ჩააბარონ ან აშენდეს სპეციალური ზონა, სადაც მსგავსი ავტომობილებს თავს მოუყრიან. ამ ეტაპზე პრობლემის გადაჭრა ვერ ხერხდება, მხოლოდ ზოგადი საუბრები მიმდინარეობს. ყოველ შემთხვევაში, მე მსგავს ინფორმაციას არ ვფლობ. აუცილებელი აშენდეს რაღაც ტიპის ავტოსადგომები, მოხდეს უმოქმედო მანქანების დასაწყობება. ასეთი ავტომობილები საზიანოა ადამიანი ჯანმრთელობისთვისაც”, – განაცხადა გიორგი ჯაფარიძემ.
აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ თავმჯდომარე გელა კვაშილავამაც ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანაში არ არსებობს უტილიზაციის პროგრამა და შესაბამისად, აღრიცხული ავტომობილებიდან, რეალურად რამდენი გადაადგილდება, ამის დადგენაც რთულია. მისი ინფორმაციით, დაახლოებით, 300 000-მდე ავტომობილი გაჩერებულია, რაც სხვა საკითხებთან ერთად ზუსტი სტატისტიკის წარმოებასაც აფერხებს.
„ქვეყანაში 1.7 მლნ ავტომობილია რეგისტრირებული და ამ დროს, უტილიზაციის პროგრამა არ არსებობს. ეს პროგრამა აუცილებლად უნდა შეიქმნას, იმიტომ, რომ, აღრიცხული ავტომობილებიდან, რამდენია მოქმედი, ზუსტი მონაცემი არ გვაქვს. ეს პროგრამა ზუსტად იმისთვისაა კარგი, რომ ვიცოდეთ, რეალურად რა რაოდენობის მანქანა გადაადგილდება ქვეყანაში. რამდენიმე ასეულ ათასი ავტომობილი (სავარაუდოდ, 200-300 ათას ავტომობილზეა საუბარი), უბრალოდ, გაჩერებულია. უტილიზაციის პროგრამა ნიშნავს იმას, რომ რაღაც თანხას უხდის სახელმწიფო ან რაღაცას აძლევს ისეთს მოქალაქეს, რაც სტიმულია მისთვის, რომ დაარეგისტრიროს მანქანა ჩამოწერილებში ან ჩააბაროს. ამაზე პარლამენტშიც იყო განხილვა, დოკუმენტიც შეიქმნა. როგორც ცნობილია, საქართველოში ავტომობილების დიდი რაოდენობა 20 წელს ზემოთ არის (დაახლოებით ნახევარი), მაგრამ ზუსტად არ ვიცით, იქიდან რამდენი გადაადგილდება. შესაბამისად, აუცილებელია რაღაც პროგრამა არსებობდეს. ისევე როგორც მრავალ ქვეყანაში, მათ შორის, ევროპაშიც იციან, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ პრობლემის გადაჭრა. სახელმწიფომ უნდა გადადგას რაღაც ქმედითი ნაბიჯი. ეს თემა ტექნიკურ ინსპექტირებაზეც პრობლემას ქმნის. რამდენი რეგისტრირებული მანქანა გადის შემოწმებას და რამდენი – არა, ზუსტი სურათი არ იქმნება,“ – განუცხადა “ბიზნესპრესნიუსს” გელა კვაშილავამ.