ბათუმის სოციალური მომსახურების სააგენტომ უფასო სასადილოების დაფინანსება სრულად ვერ აითვისა – 610 000 ლარი მორჩა. მერიაში ირწმუნებიან, რომ ერთი ბენეფიციარის კვებისთვის, სპეციალისტების მიერ გამოთვლილი კალორაჟის შესაბამისად, 3 ლარი და 60 თეთრი აქვთ დღეში გათვალისწინებული. დოკუმენტების მიხედვით, რომლებიც „ბათუმელებმა“ შეისწავლა, ხარჯი ერთ ადამიანზე დღეში 2 ლარზე ნაკლებია. სინამდვილეში კი 1 ლარსა და 57 თეთრს ხარჯავენ.
ეკონომია ელექტრონულ შესყიდვებში დაფიქსირებული კლებით და პროგრამაში ბენეფიციარების ჩართულობის ინტენსივობით ახსნა მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა [მოვალეობის შემსრულებელი], გიორგი სურმანიძემ.
ელექტრონული შესყიდვის მიზანიც სწორედ ეს არის, რომ კონკურენტულ გარემოში სახელმწიფო სტრუქტურებმა მომსახურება გაზრდილი ფასით კი არა, პირიქით – კლებით მიიღონ. თუმცა, ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ ამჯერად ძალიან მოინდომეს, რადგან ის, რაც პროდუქტზე გაზრდილი ფასების ფონზე ბათუმის მერიამ შეძლო, უპრეცედენტოა – ნაშთი ნახევარ მილიონ ლარზე მეტია.
ბათუმის საკრებულოს სხდომაზე, სადაც 2025 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში ჩაიბარეს, საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელმა, გიორგი სურმანიძემ განმარტა, რომ ეკონომია ბენეფიციართა სწრებადობასთანაც კავშირშია. „მაგალითად, პროგრამა გათვლილია 7 ათას ბენეფიციარზე, რიგ შემთხვევებში რეალურად დაესწრო 6 ათასი ბენეფიციარი“, – აუხსნა საკრებულოს წევრებს საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა.
მერიის მთავარი ფინანსისტი საკრებულოს ასევე არწმუნებდა, რომ წინასწარ შეთანხმებულ რაციონს არაფერი მოჰკლებია. „სპეციალური კალკულაციით ხდება კვებითი ნორმის შედგენა, რაც სრულად შეესაბამება კანონმდებლობას“, – აუხსნა მან საკრებულოს წევრებს.
იმავე სხდომაზე მერიის მთავარი ფინანსისტისგან გავიგეთ ისიც, რომ მუნიციპალური სასადილო ერთ ბენეფიციარის ულუფაზე დღეში 3 ლარს და 60 თეთრს ხარჯავს. მაგრამ ეს სიმართლეს არ შეესაბამება.
„3 ლარად და 60 თეთრად უნდა ვაჭამოთ და აქ კიდევ ეკონომია გვაქვს, ცოტა სასაცილო ხომ არ არის… ეს სწორი ამბავია, როგორ ფიქრობთო“, – იკითხა სხდომაზე, საკრებულოს წევრმა, ვაჟა დარჩიამ.
სასადილოებში ნახევარი მილიონის ეკონომიის მიღების განხილვა სხდომაზე დიდხანს არ გაგრძელებულა, სხვა საკითხებზე გადავიდნენ.
„ბათუმელებმა“ სცადა იმის გარკვევა, როგორ მოახერხა მერიის სოციალურმა სამსახურმა, როგორც თავად ამტკიცებენ, ერთი ბენეფიციარის გამოკვება დღეში 3.60 ლარზე ნაკლებად ისე, რომ პროგრამის ბიუჯეტში ნახევარ-მილიონზე მეტის ეკონომია მიიღო. აღმოჩნდა, რომ საქმე გაცილებით უფრო დრამატულადაა და ერთი ბენეფიციარისთვის მერიას სინამდვილეში 3.60 ლარიც კი არ აქვს გათვალისწინებული – რეალურად, დაფინანსება გაცილებით ნაკლებია: ბათუმის მერიის ექვსი მუნიციპალური სასადილო 7 650 ბენეფიციარს ემსახურება. სასადილოები ყოველ დღე მუშაობს. შესაბამისად, მერიას ერთი ბენეფიციარის გამოსაკვებად წლის განმავლობაში 1314 ლარი სჭირდება [3.60 ლარიდან], 7 650 ბენეფიციარისთვის კი 10 მილიონ 052 100 ლარი დასჭირდებოდა. თავდაპირველად დამტკიცებული ბიუჯეტის მიხედვით, 2025 წელს მუნიციპალური სასადილოების დაფინანსება მთლიანობაში მხოლოდ 7 382 100 ლარი იყო [105 თანამშრომლის ხელფასების და სხვა ხარჯის ჩათვლით], საიდანაც 610 000 ლარი მორჩათ.
რა ხდება? – მერიას ვთხოვეთ საკრებულოს სხდომაზე გამოცხადებული ციფრები ჩვენთვის დაეზუსტებინა. არ დაგვიზუსტდეს. პრესსამსახურში გვითხრეს, რომ თუ კითხვები ციფრებს ეხება, ინფორმაცია უნდა გამოვითხოვოთ.
მერიიდან მხოლოდ ზოგადი პასუხი გამოგვიგზავნეს, სადაც ჩვენს კითხვებს, ფაქტობრივად, არ უპასუხეს:
„ეკონომია მიღებულია გამოცხადებულ ტენდერში მონაწილე პრეტენდენტების მიერ დაკლებული ფასის ხარჯზე და არ აისახება შესყიდული პროდუქციის ხარისხსა და რაოდენობაზე. მუნიციპალური სასადილოების მენიუ შემუშავებულია სპეციალისტების მიერ და მასში დაცულია კვებითი ღირებულების ბალანსი, რაც უზრუნველყოფს მრავალფეროვანი და ხარისხიანი საკვების მიწოდებას ყოველდღიურად.“
2025 წლის თავდაპირველად დამტკიცებული ბიუჯეტში მოცემული ციფრების მიხედვით კარგად ჩანს, რომ 3 ლარი და 60 თეთრი ერთი ბენეფიციარისთვის გათვალისწინებული არც იყო და სინამდვილეში დღეში 2 ლარის დახარჯვას აპირებდნენ.
მიმდინარე წლის ბიუჯეტის მიხედვით კი, მუნიციპალური სასადილოებისთვის გამოყოფილი 7,3 მილიონიდან 1 მილიონ 895 400 ლარი იხარჯება სასადილოებში დასაქმებულთა ხელფასებზე, ხოლო ბენეფიციარების საკვებზე 5 მილიონ 393 ათასი ლარია გათვალისწინებული. ამ თანხით ფინანსდება პროდუქტის შესყიდვა – მიწოდება და სხვა თანმდევი საჭიროებები.
5 მილიონი ლარი [რაც მხოლოდ პროდუქტების შეძენის თანხაა] 7 650 ბენეფიციარზე რომ გავანაწილოთ, წლის განმავლობაში ერთ ბენეფიციარზე 1 ლარს და 79 თეთრს მივიღებთ და არა 3 ლარს და 60 თეთრს. ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ პერიოდულად, მუნიციპალური სასადილო სადღესასწაულო ნობათს გასცემს ბენეფიციარებისთვის. ასეთი ნობათი წინასაახალწლოდაც გაიცემა.
როგორც საკრებულოს წევრი „ლელოდან“, ვაჟა დარჩია ამბობს, მერიისგან მიიღო განმარტება, რომ წინასწარ გაწერილი კვების რაციონი არ შეუცვლიათ, თუმცა ეკონომია შეეხო როგორც ტექნიკურ ნაწილს, ასევე პროდუქტს. მისთვის უთქვამთ ისიც, რომ გათვალისწინებულზე ბევრად იაფად იყიდეს პური.
„განმარტეს, რომ კვების რაციონს არაფერი მოჰკლებია. ინფრასტრუქტურულ ნაწილში გვაქვს ეკონომიები და კვების რაციონის ნაწილში, ყველაფერი დეტალურადაა შესრულებული. რამდენად მართალია, არ ვიცი. ადასტურებენ, რომ გაწერილზე იაფად იყიდეს პური. დიახ თქვეს, რომ 3 ლარი და 60 თეთრია გამოყოფილი ერთი ადამიანისთვის დღეში. წარმოუდგენელია, რომ ეს ოდენობა იყოს საკმარისი, თუ ისე არ არის დათვლილი, როგორც საქსტატმა დათვალა საარსებო მინიმუმის შემთხვევაში… ეს კალორია ალბათ საკმარისია იმისთვის, რომ ადამიანი გადარჩეს. საბაზრო ფასებიდან გამომდინარე, 3 ლარად რამდენად შეიძლება ადამიანი იკვებოს, ჩემთვის წარმოუდგენელია.
საიდან აღმოჩნდა პური ასე იაფად? – ეს კითხვებს აჩენს“.
ვაჟა დარჩიას თქმით, მერიას ამ ამბავში კიდევ ერთი „ლოგიკური ახსნა“ აქვს: „გვითხრეს, რომ ბევრი უარს ამბობს პროდუქტის წაღებაზე პერიოდულად. ანუ თავიდანვე გათვლა აქვთ იმაზე, რომ ვიღაცები უარს იტყვიან.“
შესყიდვების სააგენტოს პორტალის მონაცემებით, ბათუმის სოციალური მომსახურების სააგენტოს პურისა და ფუნთუშეულის შეძენა-მიწოდებაზე ხელშეკრულება შპს „ნიტასთან“ აქვს გაფორმებული. ტენდერის პირობების შესაბამისად, ეს ხელშეკრულება 2025 წლის იანვარში ამოქმედდა და 2026 წლის თებერვლამდე ძალაშია.
თეთრი და რუხი პურის, ასევე ფუნთუშეულის [დროებითი თავშესაფრის ბენეფიციარებისთვის] შესყიდვაზე სააგენტოს 1 მილიონ 311 875 ლარზე ჰქონდა ტენდერი გამოცხადებული. ელექტრონულ ვაჭრობაში სამი კომპანია მონაწილეობდა, შპს „ნიტამ“ ფასი 879 000 ლარამდე ჩამოწია. შესაბამისად, გამარჯვება ამ კომპანიას დარჩა. კლება ნახევარ მილიონამდე ლარია [432 875 ლარი], რაც დამატებით კითხვებს აჩენს.
ხელშეკრულებით, მხოლოდ მუნიციპალური სასადილოს ბენეფიციარებისთვის საჭირო პურის შესაძენად, მთელი წლის განმავლობაში, 865 707 ლარია გათვლილი. შესაბამისად, 1 ცალ პურში, რომელსაც ბენეფიციარებისთვის მერია ყიდულობს, 62 თეთრს იხდის.
„ეკონომიით“ მორჩენილი თანხით მერიას დამატებით მარტო პური რომ ეყიდა, ბენეფიციარები ყოველდღიურად 1 ცალ პურს მიიღებდნენ და არა ნახევარ პურს.
„ბათუმელები“ მუნიციპალურ სასადილოებთან მოქალაქეებს ბოლო ერთი კვირის მანძილზე არაერთხელ ესაუბრა. მათ სასადილოებთან მივაკითხეთ.
ისინი ამბობენ, რომ ყველაზე მწვავედ მათთვის სწორედაც რომ პურის ნაკლებობაა:„ერთ ადამიანს ნახევარი პური უწევს დღის განმავლობაში, საკმარისი არ არის, მაგრამ მაინც კარგია.“
ბათუმის მუნიციპალური სასადილოს ბენეფიციარებს მეტწილად მადლობის თქმა სურთ. მათი მადლობა ეკუთვნის მერიას ცხელი საკვებისთვის, რაც ბევრისთვის ხსნაა, რომ ბავშვს, ასაკოვანს სახლში საკვები მიუტანოს. თითოეული მათგანი, ვინც ჩვენთან საუბარს დასთანხმდა თავის ისტორიას გვიყვება, უფრო გულწრფელი და თამამია, თუ ხმის ჩამწერს გამორთავ.
მათივე მონათხრობით, დღის განმავლობაში ეკუთვნით წვნიანი და მშრალი საკვები 500 გრამი, წიწიბურა ამდენივე, [სოსისი 1 ცალი ] ვაშლის კომპოტი და პური, ან წვნიანი, კატლეტი და კომპოტი, იგივე ოდენობით – ასეთია ბათუმის უფასო სასადილოს მენიუ. და ნახევარი პური ერთ ადამიანს.
მენიუში არის ლობიო და თევზი ხუთშაბათობით; კომბოსტოს, ბოსტნეულის ან ხორცის წვნიანი, ასევე კატლეტი.
მენიუ დღეების მიხედვითაა გაწერილი, ამიტომაც ბენეფიციარმა წინასწარ იცის რა საკვები დახვდება ორშაბათს და რა პარასკევს, რომელ დღეს რა საკვების წამოსაღებად უნდა წაიღოს ჭურჭელი. ზოგი ცდილობს ისეთი ჭურჭლით მივიდეს, რომ საჭმელი სახლში მიტანამდე ძალიან არ გაუცივდეს.
საკვების მიღება დღის პირველი საათიდან სამ საათამდე შეუძლიათ, სხვა დღეებში რიგში დგომა ძირითადად არ უწევთ, თუმცა საახალწლო ნობათის მისაღებად წვიმაში და სიცივეში რიგში საათობით დგანან.
შესყიდვების პორტალის მიხედვით, საახალწლო ნობათისთვის მერიამ წელს ქათამი, ფქვილი, ძეხვი, კვერცხი, ზეთი და ტკბილეული შეისყიდა.
ბათუმის მერიაში უარყვეს ინფორმაცია, რომ სასადილოებმა შესაძლოა საახალწლო დღეებში, 10 იანვრამდე არ იმუშაოს. მერიის ინფორმაციით, მუნიციპალური სასადილოები იმუშავებს ყოველ დღე, მათ შორის შობა-ახალი წლის უქმეებზეც – 31 დეკემბრიდან 10 იანვრის ჩათვლით.
batumelebi.netgazeti.ge



