1 434 ლარი – საქართველოს საფონდო ბირჟის დღიური ბრუნვა მარტში

საქართველოში საფონდო ბირჟაზე წლიდან წლამდე არც გარიგებების მოცულობა და არც რაოდენობა იცვლება მნიშვნელოვნად.
მარტში საქართველოს საფონდო ბირჟის საერთო ბრუნვამ 44 472.60 ლარი შეადგინა, რაც წინა თვის მაჩვენებლებს თითქმის 16 000 ლარით ჩამოუვარდება. დღიური საშუალო ბრუნვის მაჩვენებელი მარტში 1 434.6 ლარი იყო.
მთელი თვის განმავლობაში ბირჟაზე სულ 3 გარიგება დაფიქსირდა, რომლებიც „ლიბერთი ბანკს“ და „საქართველოს ბანკს“ უკავშირდებოდა.
რაც შეეხება 2024 წლის პირველ თვეებს, თებერვალში სავაჭრო სესიებზე 8 გარიგება, ხოლო იანვარში მხოლოდ 3 გარიგება დაიდო. გასულ წელს კი სავაჭრო სესიებზე ჯამში მხოლოდ 29 გარიგება დაიდო, აქციების რაოდენობამ 3 804 161, ხოლო ღირებულებამ 162 429.62 ლარი შეადგინა.
საქართველოს საფონდო ბირჟა ერთადერთი ორგანიზებული ფასიანი ქაღალდების ბაზარია საქართველოში, სადაც 28 კომპანიის აქციები და ობლიგაციებია განთავსებული. მათი საერთო საბაზრო კაპიტალიზაცია კი 917 მილიონ დოლარს შეადგენს.