დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, იძულებით გადაადგილებულ 1335 ოჯახს, სააგენტო, სოფლად სახლს შეუსყიდის. ოფიციალური ცნობითვე, იძულებით გადაადგილებული ოჯახები სახლებს, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, 6 თვის ვადაში, თავად შეარჩევენ.
აღნიშნული ოჯახების სია, როგორც სააგენტოში აცხადებენ, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა.
ოფიციალური ინფორმაცითვე, პროექტი, მთელი ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება და 2023 წელს, სააგენტომ სოფლად სახლი 1300-მდე დევნილ ოჯახს უკვე შეუსყიდა.
“2025 წლის ბოლომდე, „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, ჯამში, 6000 დევნილი ოჯახი განსახლდება. შესყიდული სახლების უმეტესობა თან ახლავს მიწის ნაკვეთები, რაც დევნილ ოჯახებს შესაძლებლობას აძლევს სოფლად დაფუძნდნენ და შემოსავლის დამატებითი წყარო გაიჩინონ”, – ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში.
ამასთან, ოფიციალური ცნობით, 2023-2025 წლებში განსახლების პროგრამებით, ჯამში, 13 ათასი დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდება საცხოვრებლით. პროექტის ბიუჯეტი 900 მილიონი ლარია.
როგორც მთავრობა აცხადებს, მიმდინარე პერიოდში: თბილისში 11 კორპუსი შენდება 2400 დევნილი ოჯახისთვის; ზუგდიდში 7 კორპუსი შენდება 1700 დევნილი ოჯახისთვის; რუსთავში 4 კორპუსი შენდება 800 დევნილი ოჯახისთვის; ქუთაისში 3 კორპუსი შენდება 720 დევნილი ოჯახისთვის; ბორჯომში 1 კორპუსი შენდება 150 დევნილი ოჯახისთვის.
ოფიციალური მონაცემებით, სულ რეგისტირებულია 92 079 დევნილი ოჯახი (286 442 დევნილი). ყოველწლურად, საშუალოდ, 2-3 ათასი დევნილი ოჯახი კმაყოფილდება საცხოვრებლით.