1 ოქრო და 2 ბრინჯაო – თბილისის გრანდ სლემის მეორე საშეჯიბრო დღე [VIDEO]

თბილისში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემის მეორე საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრების 10 წევრი ასპარეზობდა, რომელთაგანაც მედლებისთვის ბრძოლას სამი განაგრძობს.
– 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლაშა შავდათუაშვილმა ტურნირზე ოქროს მედალი ზედიზედ მეორედ მოიპოვა, ქართველმა ძიუდოისტმა ფინალში არმენ აღაიანი დაამარცხა, ლაშამ მეოთხედფინალში ავსტრიელი სამუელ გასნერი დაამარცხა ნახევარფინალში კი ფრანგ ბენჟამინ გაბას დამატებით დროში, იპონით სძლია. ლაშამ თბილისის გრანდ სლემი ჯამში მეხუთედ მოიგო. ამავე წონაში მიხეილ ბახბახიშვილი რეპეშაჟში იტალიელ ლეონარდო ვალერიანთან დამარცხდა და ასპარეზობა მე-7 ადგილზე
დაასრულა.
– 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მიხეილ ბეროშვილმა და ზაურ დვალაშვილმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს, მიხეილმა მესამე ადგილისთვის ბრძოლაში გოტიე დრაპუ დაამარცხა, იგი ნახევარფინალში თურქ ვედათ ალბაირაქთან დამარცხდა, ზაურმა ბრინჯაოსთვის ბრძოლაში ფრანგ არნაუდ არგებას აჯობა. დვალაშვილი ნახევარფინალში მოლდოველ პეტრუ პელივანთან დამარცხდა.
შეგახსენებთ, რომ ტურნირის პირველ დღეს, 21 მარტს თბილისის გრანდ სლემზე ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. თემურ ნოზაძე (66 კგ) და ნინო ლალაძე (57 კგ) კი ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ.