1 მარტამდე ჯანდაცვის სამინისტრომ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონეთა ბაზა უნდა შექმნას – ახალი კანონი

სადავო პარლამენტის მიერ მიღებული ახალი კანონის ძალით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 2026 წლის პირველ მარტამდე უნდა შექმნას ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირთა შესახებ „სრულყოფილი საინფორმაციო ბაზა“.
„ბაზის შექმნის პროცესში აქტიურად იქნება ჩართული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო“, – წერია განმარტებით ბარათში.
ცვლილებებზე, – რომელიც „იარაღის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებების პაკეტში შედის, – პარლამენტმა პირველად 25 ნოემბერს იმსჯელა და საბოლოოდ სამშაბათს, 9 დეკემბერს მიიღო.
ეს ცვლილებები შედის „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში.
ცვლილებები ავალდებულებს ჯანდაცვის სამინისტროს, რომ 1 მარტამდე:
· შეიმუშაოს „ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე, ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით ან/და ტოქსიკომანიით დაავადებულ პირთა ერთიანი საინფორმაციო ბაზა“
· ასევე, შეიმუშაოს მასში მონაცემების შეტანის კრიტერიუმები
· ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირების შესახებ მონაცემები მოიპოვოს „შესაბამისი სახელმწიფო და კერძო დაწესებულებებისგან“ და შეიტანოს „ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე, ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით ან/და ტოქსიკომანიით დაავადებულ პირთა ერთიან საინფორმაციო ბაზაში“.
ექიმი ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე, – ამჟამად პარტია „ფედერალისტების“ წევრი, მიიჩნევს, რომ ეს ცვლილება „ფსიქიატრიას და ნარკოლოგიას ბოლომდე დაანგრევს“ და დაარღვევს ადამიანების ფუნდამენტურ უფლებებს.
ავტორები კანონპროექტის განმარტებით ბარათში ასე აღნიშნავენ ცვლილების საჭიროებას:
„ინფორმაციის დროული და სანდო წყაროს არარსებობის პირობებში სახელმწიფოს მხრიდან სათანადოდ ვერ ხორციელდება საზოგადოებრივი უსაფრთხოებისკენ მიმართული მექანიზმების ეფექტიანი ფუნქციონირება“.
ამის მაგალითად კი პარტია წერს:
„გამოწვევას წარმოადგენს პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა ისეთი მნიშვნელოვანი სერვისების განხორციელების დროს, როგორიც არის „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ლიცენზიის (ნებართვის) გაცემა, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების მინიჭება, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭება და სხვა“.
ფორუმი