1-ლი მარტიდან ლიტვის ხელისუფლება ბელარუსთან საზღვარზე ორ გამშვებ პუნქტს დახურავს. ამის შესახებ ინფორმაცია ლიტვის მთავრობის ვებგვერდზე გავრცელდა.
ჯამში ლიტვას ბელარუსთან 6 სასაზღვრო-გამშვები პუნქტი აქვს, ამ გადაწყვეტილებით კი ქვეყანაში დახურული სასაზღვრო გადასასვლელების რაოდენობა 4-მდე გაიზარდა. დანარჩენი 2 პუნქტი განაგრძობს ფუნქციონირებას, თუმცა, შეიზღუდება ფეხით მოსიარულეთა და ველოსიპედისტთა მოძრაობა.
როგორც ლიტვის შინაგან საქმეთა მინისტრმა აგნე ბილოტაიტემ აღნიშნა, ეს გადაწყვეტილება განაპირობა იმ “რისკებმა, რომლებიც დაკავშირებულია ბელარუსის დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურების გაზრდილ ქმედებებთან ლიტვისა და ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ”.
“დიდი რესურსია საჭირო ნაკადების გასაკონტროლებლად, კონტრაბანდის თავიდან ასაცილებლად, საერთაშორისო სანქციების უზრუნველსაყოფად და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების რისკების შესამცირებლად”. – დაამატა მან.
2023 წლის აგვისტოში ლიტვამ მსგავსი მიზეზების გამო ორი სასაზღვრო პუნქტი დახურა.
გასულ წელს ლიტვა-ბელარუსის საზღვარი საგზაო გამშვები პუნქტებით გადაკვეთა დაახლოებით 3.9 მილიონმა ადამიანმა, რომელთაგან 66% ბელარუსის მოქალაქეა.
როგორც ლიტვის შინაგან საქმეთა მინისტრმა აგნე ბილოტაიტემ აღნიშნა, ეს გადაწყვეტილება განაპირობა “იმ რისკებმა, რომლებიც დაკავშირებულია ბელარუსის დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურების გაზრდილ ქმედებებთან ლიტვისა და ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ”.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ლიტვა იყო ევროკავშირის ერთ-ერთი პირველი ქვეყანა ლატვიასა და ესტონეთთან ერთად, რომელმაც შეზღუდა შენგენის და ეროვნული ვიზების გაცემა რუსეთის მოქალაქეებისთვის. გარდა ამისა, ბალტიისპირეთის ქვეყნებმა, ასევე პოლონეთმა, ფინეთმა და ნორვეგიამ მათ ტერიტორიებზე რუსული ნომრის მქონე მანქანების შესვლა აკრძალეს.