1-ლი ივლისიდან კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში მშენებლობის ვადები იცვლება

1-ლი ივლისიდან კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში მშენებლობის ვადები იცვლება. ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ პარლამენტში ინიციირებული კანონპროექტის მიხედვით, თბილისში არსებულ კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში ან კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე ნაწარმოები მშენებლობების შემთხვევაში, თუ გავიდა სამუშაოების ნებართვის მოქმედების ვადა და მშენებლობა არ არის დამთავრებული, ან დარღვეულია სამშენებლო დოკუმენტაციის მოთხოვნები, ან თუ წარმოებულია უნებართვო მშენებლობა, რომელიც შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, საჯარო ზედამხედველობის განმახორციელებელი ადმინისტრაციული ორგანო დამრღვევს, შესაბამისი თანხმობის/ნებართვის მისაღებად ან სამართალდარღვევის გამოსასწორებლად, 90-დღიან ვადას განუსაზღვრავს. მხოლოდ ამ ვადის გასვლის შემდეგ დაიწყება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება.
ეს ვადაც (90 დღე) შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 1 თვით, თუ დამრღვევმა აღნიშნული ვადის განმავლობაში მშენებლობის ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოში წარადგინა შესაბამისი განცხადება და მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოს გადაწყვეტილება არ მიუღია. ასეთ შემთხვევაში, პირი თავისუფლდება შესაბამისი ჯარიმის გადახდისაგან.
როგორც პროექტშია აღნიშნული, ახალი შენობა-ნაგებობის მშენებლობის ან არსებულ შენობა-ნაგებობაზე გაბარიტის გაზრდის მიზნით განხორციელებულ მშენებლობაზე, ეს ცვლილებები გავრცელდება იმ შემთხვევაში, თუ ახალი შენობა-ნაგებობის ფართობი ან არსებულ შენობა-ნაგებობაზე გაბარიტის გაზრდის მიზნით განხორციელებული მშენებლობისას გაზრდილი ფართობი არ აღემატება 10 კვადრატულ მეტრს.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 11 იანვრიდან კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში, სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, განხორციელებულ უნებართვო მშენებლობაზე ჯარიმა 10-ჯერ გაიზარდა და 25 000 ლარის ნაცვლად 250 000 ლარი გახდა.