პირველი ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ეს დღე ემსახურება მსოფლიოში ბავშვების უფლებების მნიშვნელობის წარმოჩენას, ბავშვებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნის, მათი განვითარების ხელშეწყობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის პროცესში სახელმწიფოს, საზოგადოებისა და თითოეული ადამიანის პასუხისმგებლობის ხაზგასმას.
ამ დღის აღსანიშნავად, 29 მაისს, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ორგანიზებით, ევროკავშირის პროექტის „საქართველოს სახალხო დამცველის ოფისის მხარდაჭერა“ ფარგლებში, ასევე სახელმწიფო უწყებების, გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ჩართულობით, გორში გაიმართა ღონისძიება – „ბავშვების ხმა მნიშვნელოვანია“.
ღონისძიების მიზანი იყოს ადგილობრივი არასრულწლოვანების ინფორმირება ბავშვის უფლებების შესახებ, მათი მოსაზრებების მოსმენა და მონაწილეობის ხელშეწყობა.
სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებმა და მოწვეულმა ექსპერტმა ბავშვებთან ერთად იმსჯელეს ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა აზრის გამოხატვა, თანასწორობა, ემოციური კეთილდღეობა, უსაფრთხო გარემოში ცხოვრება, პოლიციასთან ურთიერთობა, ადამიანის უფლებების სწავლების მნიშვნელობა და სხვა.
საქართველოს სახალხო დამცველი ბავშვებს ულოცავს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, მადლობას უხდის ღონისძიების ყველა მონაწილეს გამოხატული მოსაზრებებისათვის და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ბავშვებთან დაკავშირებული თითოეული გადაწყვეტილების საფუძველი სწორედ ბავშვების მოსმენა და მათი საჭიროებების გათვალისწინება უნდა იყოს.
თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის მასშტაბით, საბავშვო-გასართობი აქტივობებია დაგეგმილი. ცენტრალური ღონისძიება გაიმართება დედაენის ბაღში, სადაც მთელი დღის განმავლობაში ჩატარდება სივრცითი აქტივობები, გასართობი შოუ პროგრამები, საბავშვო სადგურები, თეატრალური წარმოდგენები და სხვ.
ღონისძიების ფარგლებში, გაიმართება საბავშვო კონცერტი. აღნიშნულ ლოკაციაზე 15:00 საათიდან წარმოდგენილი იქნება: ღია ბიბლიოთეკა, კინო კუთხე – ჟოზეს ანიმაციური ფილმების ჩვენება, სპორტული აქტივობები, ქალაქ თბილისის მერიისა და ეროვნული სასახლის კუთხე, ჭადრაკის კუთხე, ამერიკული კუთხე, ხელოვნების სახლების საგამოფენო კუთხე, სახეზე მოხატვა, თექის, კალიგრაფიისა და გამოყენებითი ხელოვნების ვორქშოფები, ფოტო ბასი, მეწარმეთა გამოფენა გაყიდვა, ზღაპრის კუთხე, თოჯინების თეატრი, არტ თერაპია სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის.
ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსთან ირაკლი გვილავასთან ერთად დაესწრება.
ღონისძიება დაიწყება 15:00 საათზე, ხოლო კონცერტი – 20:00 საათზე.
ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია.
