1 ივლისიდან 30 სექტემბრის ჩათვლით “ოცნებას” 1,238,000 ლარი შესწირეს | შემომწირველების ნახევარზე მეტი ალკოჰოლის მწარმოებელ კომპანიებთან არიან დაკავშირებული
2023 წლის 1 ივლისიდან 30 სექტემბრის ჩათვლით “ქართულ ოცნებას 1,238,000 ლარი შესწირეს. ინფორმაციას პარტიული შემოწირულებებისა და შემომწირველების შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” აქვეყნებს.
“გამოკვეთილი ტენდენციებიდან განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს “ქართული ოცნების” შემომწირველები, რომელთა ნახევარზე მეტი ღვინის ან სხვა ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელ კომპანიებთან დაკავშირებული პირები არიან. მათი მნიშვნელოვანი ნაწილი მრავალი წელია სახელმწიფოსგან სხვადასხვა სახის სუბსიდიებს, შეღავათიან სესხებს თუ სახელმწიფო შესყიდვების კონტრაქტებს იღებს. გარდა ამისა, შემოწირულებების ნაწილი აჩენს ეჭვს, რომ ის ფიქტიური დონორების მეშვეობით არის განხორციელებული, რაც კანონის დარღვევაა”, – ნათქვამია კვლევაში.
გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, “შემომწირველებთან დაკავშირებულ ღვინის მწარმოებელ კომპანიებს 2013 წლიდან 4 მილიონზე მეტი ლარის გამარტივებული შესყიდვების კონტრაქტები აქვთ მიღებული, 2013-2021 წლებში კი 14 მილიონი ლარის შეღავათიანი აგროკრედიტები, ხოლო 2021-2022 წლებში 17 მილიონ ლარზე მეტი სუბსიდია”.
“მრავალმილიონიანი სუბსიდიების ფონზე შემომწირველებთან დაკავშირებული სულ მცირე სამი კომპანია, “ასკანელი ძმები”, “წინანდლის ძველი მარანი” და “ქართული ღვინის სახლი” 2022 წელს იმ ღვინის მწარმოებელ კომპანიებს შორის იყვნენ, რომლებმაც ყველაზე მეტი ღვინო გაიტანეს რუსეთში ექსპორტზე”, – წერს არასამთავრობო ორგანიზაცია.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” ანალიზის საფუძველზე გამოთქვამს ეჭვს, რომ “ოცნების” შემომწირველთა ნაწილი “პარტიას არა საკუთარ თანხებს, არამედ მათი დამსაქმებელი კომპანიების თანხებს წირავენ. მაგალითად: სს „სარაჯიშვილის“ მთავარმა ბუღალტერმა, გიორგი ბუბუტეიშვილმა
“ქართულ ოცნებას” 15,000 ლარი შეწირა, ამავე კომპანიის მთავარმა ტექნოლოგმა, დავით აბზიანიძემ მმართველ პარტია 35,000 ლარი შეწირა. 30,000 ლარი შეწირა “ქართულ ოცნებას” ღვინის კომპანია „ფალავანის“ მთავარმა მეღვინემ, ირაკლი ნანეიშვილმა”.
გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 2023 წლის 1 ივლისიდან 30 სექტემბრის ჩათვლით ყველა პარტიამ ჯამში 1,901,299 ლარის შემოწირულება მიიღო, რაც ოთხჯერ აღემატება წინა კვარტლის ანალოგიურ მაჩვენებელს (453,336₾). პარტიული შემოწირულებების 65% “ქართულმა ოცნებამ” მიიღო, მეორე ადგილზეა “ნაციონალური მოძრაობა” 274,677 ლარით, ხოლო მესამეზე – პარტია “ლელო”, 186,020 ლარით, ხოლო მეოთხე ადგილზე “თაობები საქართველოსთვის” 180,000 ლარით.