1 ივლისიდან დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტი უქმდება

მთავრობის დადგენილებით საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტი უქმდება.
დადგენილებით, რომელსაც ხელს ირაკლი აწერს, ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტი 1 ივლისიდან გაუქმდება და მის უფლებამონაცვლედ სამინისტრო განისაზღვრება.
“1. ლიკვიდირებული ინსტიტუტის უფლებამონაცვლედ განისაზღვროს სამინისტრო.
2. ინსტიტუტის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ყველა დოკუმენტაცია გადაეცეს სამინისტროს, მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.
3. ინსტიტუტის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი სახელმწიფო ქონება და სახელმწიფო ბიუჯეტით განსაზღვრული ასიგნებები, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, გადაეცეს სამინისტროს”. – წერია დადგენილების მეორე მუხლში.
დადგენილება სამინისტროს ავალებს, რომ “ინსტიტუტის სალიკვიდაციო ღონისძიებების ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით” გამოქვეყნებისთანავე სალიკვიდაციო კომისია შექმნას, რომელიც საჭირო ზომებს 1 ივლისამდე მიიღებს.
მიმდინარე წლის 1 ივლისიდან ასევე უქმდება NATO-სა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრი, რომელიც სამინისტროს ნაწილი გახდება.