2025 წლიდან ონლაინ აზარტული თამაშების კომპანიებისთვის გადასახადების დონე გაიზრდება – ამას ითვალისწინებს ქართული ოცნების დეპუტატების მიერ 2024 წლის დეკემბერში დაჩქარებული წესით მიღებული კანონი.
ცვლილების მიხედვით, კომპანიებისთვის, რომლებიც ონლაინ აზარტული თამაშების გამართვის ლიცენზიას ფლობენ მოგების გადასახადი არსებული 15%-დან 20%-მდე გაეზრდებათ. ინიციატივის განმარტებითი ბარათის თანახმად, ამ ცვლილების შედეგად ბიუჯეტში დამატებით 115 მილიონი ლარი შევა.
აზარტული თამაშების კომპანიები და კერძოდ ის ფირმები, რომლებიც ელექტრონული ფორმით აწვდიან მომხმარებლებს აზარტული თამაშების სერვისებს სხვა სექტორებისგან განსხვავებული მოგების გადასახადის წესით იბეგრებიან. ისინი 2022 წლიდან არა განაწილებული მოგების გადასახადით, არამედ მათი წმინდა აზარტული შემოსავლების (GGR) 15%-ით იბეგრებიან, რაც მიღებულ ფსონებსა და გაცემულ მოგებებს შორის სხვაობის 15%-ს წარმოადგენს.
ონლაინ კაზინოების სექტორი ამ პრინციპით 2022 წლიდან იბეგრება, თავდაპირველად ეს განაკვეთი 10%-ს შეადგენდა, 2024 წლიდან ის 15%-მდე გაიზარდა, ხოლო 2025 წლიდან მათი მოგების გადასახადი GGR-ის 20% იქნება.