1 თებერვლიდან სამშენებლო სექტორში დასაქმებულთა შეღავათი უქმდება და არსებული გადასახადი 20-ჯერ იზრდება. კერძოდ, მცირე მეწარმის სტატუსის მქონე მეწარმე ინდივიდუალური სუბიექტები, რომლებიც ჩაბმულნი არიან სამშენებლო-სარემონტო საქმიანობაში, ნაცვლად საშემოსავლო გადასახადის 1%-ისა, გადაიხდიან 20%-ს.
დაბეგვრის შესახებ დოკუმენტში ცვლილებაზე თანხმობა პარლამენტმა ძალიან მოკლე დროში გასცა. ახალ წლამდე ორი კვირით ადრე მიღებული ცვლილებები პროექტის მიხედვით 1 იანვრიდან უნდა შესულიყო ძალაში, თუმცა ერთპარტიულმა პარლამენტმა მცირე მეწარმეებისთვის შეღავათის გაუქმების და გადასახადების გაზრდის გადაწყვეტილებას იმ პირობით დაუჭირეს მხარი, თუ ის 1 თებერვლიდან ამოქმედდებოდა.
სპეციალისტები განმარტავენ, რომ ბიზნესს ძალიან მოკლე დროში უწევს ადაპტირება და ეზრდება ხარჯები, რაც პირდაპირ მოქმედებს ინფრასტრუქტურის მშენებლობის ღირებულებაზე.
“ხარჯთაღრიცხვის საკმაოდ მსუყე ნაწილს წარმოადგენს ხელფასები. ხშირად ნაწილი სამუშაოების დელეგირებული იყო ინდმეწარმეებზე, თითქმის ყველა მცირე და მსხვილ კომპანიაში ასე იყო. მოუწევთ პირველ რიგში დამკვეთთან მოლაპარაკება. დამკვეთი გვყავს ერთის მხრივ სახელმწიფო, რომელიც საკმაოდ მოუქნელია და იმ პირობებში, რომ არც ფასთა ინდექსაცია არსებობს და სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლს ძალიან იშვიათ შემთხვევებში იყენებენ, შეცვლილ გარემოებებზე მისადაგების ნაწილში, ფაქტობრივად ალბათ შეუძლებელია ასეთ სიტუაციაში.
მეორეს მხრივ კერძო სექტორია დამკვეთი, დეველოპერი, რომელსაც თავის მხრივ ვალდებულებები აქვს ბანკთან, მობინადრეებთან და ა.შ მიმდინარე პროექტებზე ცვლილების და ოპერატიულად ეფექტური რეაგირების მოხდენა ძალიან რთული იქნება. მეორეს მხრივ რომ შევაფასოთ, ვისთან შეიძლება საუბარი, ესაა ინდ მეწარმეები, რომელთანაც შეიძლება რაღაც ფასდათმობებს მივაღწიოთ, თუმცა ამ მხრივადაც არ არის სახარბიელო სიტუაცია, რადგან შრომის ბაზარზე ისედაც იცით, რომ სერიოზული დეფიციტია კვალიფიციური მუშახელის, მეწარმეები კი სწორედ ასეთ კვალიფიციურ სამუშაოებს ასრულებენ, ამიტომ სავაჭრო ძალა მათ მხარესაა.
ალბათ მიმდინარე პროექტებზე განსაკუთრებით იქნება ბევრი კომპანიისთვის ჩიხი, როგორ ადაპტირდნენ ამ ცვლილებებზე, როგორ შეასრულონ სამუშაოები ისე, რომ არ დათმონ ხარისხი, არ დათმონ ვალდებულებები, რომელიც აქვთ დამკვეთთან. მით უმეტეს, როცა პარალელურად შედის ცვლილება ასევე იმპორტირებული არმატურის ფასის ზრდაზე, რომელიც მეორეს მხრივ აწვება სამშენებლო მასალების ფასს. ფაქტობრივად, ხარჯთაღრიცხვა სრულიად ძვირდება, საინტერესოა როგორ ხედავს ამას სახელმწიფო, როგორ უნდა ადაპტირდეს ასეთ მოკლე დროში ბიზნესი”, – აცხადებს BM.GE-სთან “პარტნიორობა წინსვლისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე ანა საბახტარაშვილი.
მშენებლობის სექტორში დასაქმებული სუბიექტები არა დაქირავების ხელშეკრულებით, არამედ სერვისის მიწოდების ხელშეკრულებით მუშაობენ კომპანიებთან. ისინი თებერვლიდან 1%-ის ნაცვლად 20%-ით დაიბეგრებიან ნებისმიერ ხელშეკრულებაში, რომელთაც გააფორმებენ კომპანიებთან და მეწარმე იურიდიულ პირებთან, მათთვის შეღავათი შენარჩუნდება მხოლოდ მაშინ თუკი კონტრაქტს გააფორმებენ სხვა ფიზიკურ პირთან, რომელიც მეწარმის სტატუსს არ ატარებს.
მათთვის შეღავათის გაუქმებითა და საშემოსავლო გადასახადის 20-ჯერ გაზრდის პირობებში მთავრობა ბიუჯეტში 200 მილიონი ლარის მობილიზებას გეგმავს.