1-ელი მაისიდან ვენახის სამეწარმეო მიზნით გაშენებაზე ნებართვა დაგჭირდებათ – რას ველოდოთ ახალი რეგულაციისგან?

თუ ვენახის სამეწარმეო მიზნით გაშენება გსურთ, ანუ მისი მოსავლის გაყიდვა გაქვთ გადაწყვეტილი, ამისთვის მთავრობისგან ნებართვის აღება მოგიწევთ. ხელისუფლებაში ირწმუნებიან, რომ ეს რეგულაცია ხარისხიანი ღვინის წარმოებას ხელს შეუწყობს.

„ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებით ვენახის გაშენებაზე თანხმობას ღვინის ეროვნული სააგენტო გასცემს. ეს ნიშნავს, რომ სააგენტო, რომელსაც აქამდე მხოლოდ მაკონტროლებელის ფუნქცია ჰქონდა, ახლა ბაზარზე დაშვების მარეგულირებელიც იქნება.

ახალი რეგულაციით, პირი, რომელიც შეთანხმების გარეშე, თვითნებურად გააშენებს ვენახს, იქიდან აღებულ ყურძენს ან ღვინოს ვეღარ გაყიდის. ცვლილებები უკვე გაშენებულ ვენახებს არ ეხებათ.

“სამეწარმეო ვენახების გაშენებაზე თანხმობის მიღება დასჭირდებათ იმ პირებს, რომლებიც მიმდინარე წლის 1 მაისის შემდგომ პერიოდში გადაწყვეტენ კომერციული მიზნებისთვის ვენახის გაშენებას. ფერმერს დაცული უნდა ჰქონდეს აგროტექნიკური მახასიათებლები, ჯიშობრივი სიწმინდე, ვენახის გაშენების ტექნოლოგია-ტექნიკა; გადამწყვეტია ნიადაგი და ადგილი, სადაც ვაშენებთ ვენახს, რადგან სწორედ ადგილწარმოშობა განსაზღვრავს ღვინის ხარისხს. მსგავსი რეგულაცია დიდი ხანია მოქმედებს ევროპის მეღვინეობის წამყვან ქვეყნებში”, – აცხადებს მეხუზლა სააგენტოს მიერ გავრცელებულ კომენტარში.

რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს ფერმერი, რომ ვენახის გაშენებაზე ნებართვა მიიღოს? ამას პარლამენტში შესული კანონპროექტი არ განსაზღვრავს. ვენახის გაშენებაზე ახალი წესები სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით დამტკიცდება. 1 მაისამდე დავით სონღულაშვილმა უნდა გამოსცეს ბრძანება, რომლითაც ფერმერისთვის ვენახის გაშენების კრიტერიუმები განისაზღვრება.

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს მთავარი იურისტის განმარტებით, მინისტრს კანონი ნებისმიერი წესის დადგენის საშუალებას შეუზღუდავად აძლევს.

“კანონი იმდენად ფართო დისკრეციას ანიჭებს სამინისტროს და იმდენად მცირე რეგულაციებსა თუ ჩარჩოებს აწესებს, რომ თვითნებობისთვის ძალიან დიდი სივრცე რჩება. საფრთხე მდგომარეობს იმაში, რომ მაშინაც კი, თუ პირველი ბრძანება მეტ-ნაკლებად სამართლიან წესებს დაადგენს, ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი მათი გაუარესება. არსებობს რისკი, რომ დაწესდეს ისეთი მძიმე კრიტერიუმები, რომელთა დაკმაყოფილება შეუძლებელი იქნება, ან მათი გამოყენება შერჩევითად მოხდება. ღვინის სააგენტომ ეს ბერკეტი შეიძლება ფორმალურად კანონიერად, თუმცა შინაარსობრივად თვითნებურად გამოიყენოს. ეს ქმნის კორუფციისა და საქმიანობის შეზღუდვის იდეალურ ნიადაგს”, – ამბობს საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს მთავარი იურისტი გიგი ჩიხლაძე.

ორგანიზაციაში “ვაზისა და ღვინის შესახებ” კანონში შესატან ცვლილებებში კორუფციული რისკებს ხედავენ და აცხადებენ, რომ მცირე მარნები დაზარალდებიან.

ღვინის კომპანია “ფაფრის ველის“ დამფუძნებელი შალვა ქურდაძე არ იზიარებს მთავრობის პოზიციას ვენახის გაშენების რეგულირებაზე, თუმცა ამბობს, რომ ხალხი ვენახს არათუ აშენებს, პირიქით ჩეხავს.

“სიმართლე გითხრათ, დიდ პრობლემასაც ვერ ვხედავ [ცვლილებებში], რადგან ვენახების გაშენების ტემპი საქართველოში ისედაც შეფერხებულია. სამწუხარო რეალობაა, რომ ღვინის დარგმა განვითარების ტემპი შეანელა, ამიტომ მასობრივ გაშენებებს აღარ ველოდები. პირიქით, ჩემს სამეზობლოშიც კი ვხედავ, რომ ხალხი ვენახს ჭრის და მის ნაცვლად ატამსა და ჭერამს რგავს, რადგან ვაზის მოვლა ზედმეტად გაურთულდათ. სიმართლე გითხრათ, გაფართოებაზე ფიქრიც კი გვიჭირს, რადგან აზრი აღარ აქვს. ხარისხზე მაშინ უნდა ეფიქრათ, როდესაც ქინძმარაულისა თუ ხაშმის მიკროზონების ფართობები ისე ხელოვნურად გაზარდეს, რომ ალაზნამდე ჩაიყვანეს. მევენახეობაში უამრავი სხვა, გაცილებით მწვავე პრობლემაა მოსაგვარებელი მაგალითად, სანერგე მეურნეობების მოუწესრიგებლობა”, – ამბობს ქურდაძე.

მიზეზი, რის გამოც ვენახები აღარ შენდება, ყურძნის ფასია. გასულ წელს სახელმწიფო ქარხნები რქაწითლის ჯიშის ყურძენს 1.2 ლარად, ხოლო 18%-ზე დაბალი შაქრიანობის შემთხვევაში 1 ლარად იბარებდნენ. რაც შეეხება საფერავს, მისი ფასი 1.5 ლარით განისაზღვრა, თუმცა დაბალი შაქრიანობის მქონე ყურძენს ქარხნები ამ შემთხვევაშიც 1 ლარად იღებდნენ. რაც ხარჯების გათვალისწინებით ძალიან დაბალი ფასია. შემცირებულია ღვინის ექსპორტიც. შარშან ღვინის ექსპორტი დაახლოებით 8 მლნ დოლარით შემცირდა, მიზეზი მთავარ საექსპორტო ბაზარზე რუსეთში ქართულ ღვინოზე აქციზის ზრდა იყო.

სტატისტიკა აჩვენებს, რომ 2025 წელს ღვინის ექსპორტი 276 მლნ დოლარიდან 268 მლნ დოლარამდე შემცირდა.

ღვინის ექსპორტი ბოლო ხუთ წელში:

2025 წელი – 268 მლნ დოლარი;

2024 წელი – 276 მლნ დოლარი;

2023 წელი – 259 მლნ დოლარი;

2022 წელი – 253 მლნ დოლარი;

2021 წელი – 239 მლნ დოლარი;

ქართული ღვინის 60%-ზე მეტი რუსეთში იყიდება. შარშან რუსეთის ფედერაციაში 171 მლნ დოლარის ღვინო გავიტანეთ. მეორე ადგილზე 17 მლნ დოლარით პოლონეთია, მესამეზე 13 მლნ დოლარით , ჩინეთსა და ყაზახეთში 10 და 9 მლნ დოლარის ღვინოა გაყიდული.