1 დაღუპული და 1 დაშავებულია „სადგურის მოედნის“ მიმდებარედ ნგრევისას – შსს მინისტრი

შინაგან საქმეთა მინისტრის, გელა გელაძის ინფორმაციით, „სადგურის მოედნის“ მიმდებარედ, თევდორე მღვდლის ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლის ფასადის ნაწილის ნგრევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც კლინიკაშია გადაყვანილი.
ამის შესახებ მან შემთხვევის ადგილზე მისვლის შემდეგ უთხრა ჟურნალისტებს.
ამ წუთებში, ტერიტორიაზე კვლავ გრძელდება სამძებრო-სამაშველო სამუშაოები.
ადგილობრივების ინფორმაციით, შენობა ავარიული იყო და ეს იცოდა დედაქალაქის მერიამაც.
შემთხვევის ადგილზე მისული თბილისის მერი ადასტურებს, რომ შენობა ავარიული იყო, მას დაზიანების მეხუთე კატეგორია ჰქონდა მინიჭებული და ამბობს, რომ შენობა არ ექვემდებარებოდა რეაბილიტაციას.
კალაძის თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით არაერთი შეხვედრა გაიმართა მოსახლეობასთან, თუმცა, მისი მტკიცებით, ადგილობრივებთან შეთანხმება ვერ შედგა:
„შეხვედრები შედგა დიდუბის რაიონის გამგეობაში, რომელიც დაოქმებულია. იყო შეთავაზება, რომ მონაწილეობა მიეღოთ ჩანაცვლების პროგრამაში, რითაც ჩვენ უზრუნველვყოფდით აღნიშნული კორპუსის დემონტაჟს და ახალი კორპუსის სამშენებლო სამუშაოებს. თუმცა, სამწუხაროდ, ამ პროგრამის განხორციელებას სჭირდება მოსახლეობის 100%-იანი თანხმობა. თუ არ იქნება მოსახლეობის 100%ა-იანი თანხმობა, ჩვენ არ გვაქვს არანაირი უფლება, ეს ადამიანები იძულებით გამოვიყვანოთ თავიანთი საცხოვრებელი ბინებიდან. რამდენიმე ოჯახი, რომლებმაც განაცხადა თანხმობა, ისინი გაყვანილნი იქნენ იჯარით და ისინი დღეს უზრუნველყოფილნი არიან ქირით“, – თქვა ადგილზე მისულმა კახა კალაძემ.
ინფორმაციას, რომ შენობა ავარიული იყო, სოციალურ ქსელშიც ავრცელებენ მოქალაქეები:
“აქ ვცხოვრობდი წლები და ყოველდღე ვუყურებდი, როგორ იზრდებოდა შენობის ნაპრალები და უფრო და უფრო საშიში ხდებოდა აქ ცხოვრება. შემდეგ ვითომ გაამაგრეს დეზერტირების ბაზრის მხრიდან, რაღაც კოსმეტიკური სამუშაოები ჩაუტარეს ამ მხარესაც, მაგრამ ეტყობა, როგორ ჩაუტარდა რეკონსტრუქცია”, – წერს ლადო ვახტანგაშვილი სოციალურ ქსელში.
ხუთსართულიანი კორპუსის ბოლო სართულის ფასადის ნაწილის ნგრევის შესახებ ინფორმაცია საღამოს 7 საათისთვის გავრცელდა.
ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების წესი ეხება თბილისში არსებულ ყველა იმ შენობა-ნაგებობას, რომელთა ავარიულობის ხარისხიც მიეკუთვნება III, IV ან V კატეგორიას, ანუ ისეთი დაზიანებულია, რომ მასში ცხოვრება საფრთხის შემცველია. ამგვარ შენობებში მცხოვრებლებს ქალაქმა შეიძლება შესთავაზოს საცხოვრებლად გადასვლა ახალ შენობაში, რომელიც შესაძლოა იმავე ტერიტორიაზე აშენდეს, სადაც ავარიული სახლი იდგა, ან მის სიახლოვეს. ახალ შენობაში ბინის პატრონი მიიღებს მხოლოდ იმხელა ფართის ბინას, რამხელაც იყო მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართობი: სხვენები, სარდაფები და ავტოფარეხები გათვალისწინებული არ იქნება.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას ნიშნავს და ისჯება ჯარიმით ან 2 წლამდე გამასწორებელი სამუშაოთი, ანდა თავისუფლების აღკვეთით ორ წლამდე.