საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მათ ვისაც ეროვნულ ვალუტაში აქვს შემოსავალი 750,000 ლარამდე სავალუტო სესხის აღება შეუზღუდა – შესაბამისი გადაწყვეტილება ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა ჯერ კიდევ 28 მაისს მიიღო, ხოლო ახლა ბრძანება საკანონმდებლო მაცნეზეც გამოქვეყნდა. სებ-ის განცხადებით ეს ცვლილება მიმართულია საბანკო კრედიტების დოლარიზაციის შემცირებისკენ. ცვლილება 1 აგვისტოდან ამოქმედდება.
ეროვნულმა ბანკმა სავალუტო სესხების ზღვარი 2025 წლის 1 იანვრიდანაც გაზარდა და დღემდე ის 500,000 ლარს შეადგენდა. 2024 წელს კი ეს ზღვარი 200,000 ლარიდან 400,000 ლარამდე გაზარდა, შესაბამისად დღეს მიღებული გადაწყვეტილება ამ პოლიტიკის ნაწილია და ის ზღვრის კიდევ 250,000 ლარით ზრდას მოიცავს.
“სესხის გამცემი ორგანიზაციების მიერ 750 000 (შვიდას ორმოცდაათი ათას) ლარამდე სესხი/საბანკო კრედიტი უნდა გაიცეს მხოლოდ ლარით. ლარით გაცემულ სესხად/საბანკო კრედიტად არ მიიჩნევა ნებისმიერი ფორმით უცხოურ ვალუტაზე მიბმული ან ინდექსირებული სესხი/საბანკო კრედიტი,”- ნათქვამია ეროვნული ბანკის ბრძანებაში.
ეროვნული ბანკის მიერ მიღებულ ამ გადაწყვეტილებაზე ჯერ კიდევ მაისში “საქმის კურსის” ეთერში ისაუბრა სებ-ის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დავით უტიაშვილმა. მისი განცხადებით, ზღვრის აწევით დაახლოებით 1000 სესხი, რომელიც სხვა შემთხვევაში დოლარში გაიცემოდა, ახლა ლარში გაიცემა, ხოლო ამ კრედიტების ჯამური მოცულობა 150 მილიონ დოლარამდე იქნებოდა. უტიაშვილის თქმით, ამ ცვლილებით ეს მსესხებლები სავალუტო რისკებისგან უფრო დაცული იქნებიან. ამასთან, დავით უტიაშვილი აღნიშნავს, რომ ეს გადაწყვეტილება განპირობებული იყო იმითაც, რომ სებ-ი კრედიტების დოლარიზაციის შემცირების ტრენდით კმაყოფილი არაა.
2025 წლის მაისის მდგომარეობით საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი საკრედიტო პორტფელი 64.7 მილიარდ ლარს შეადგენს, საიდანაც ლარზე 57.1% მოდის, მაისში ლარიზაცია დამატებით 0.38 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, ხოლო წლიურ ჭრილში კი კრედიტების ლარიზაცია 2.76 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი.
მზარდია ფიზიკური პირების კრედიტების ლარიზაციის მაჩვენებელიც, ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მაისში ქვეყანაში დამტკიცებული ახალი იპოთეკური კრედიტების 76% ეროვნულ ვალუტაში გაიცა.
