0 ლარი 270 მილიონის ნაცვლად – “ოცნებას” 5 თვეში არცერთი თეთრი არ მიუღია – რა დაემართება ბიუჯეტს?

0 ლარი 270 მილიონის ნაცვლად – ასეთია ახლანდელი მოცემულობა ბიუჯეტის მხარდამჭერ კრედიტებში. “ქართულ ოცნებას” გეგმით, მათ 6 თვეში 270 მლნ მიეღოთ, მაგრამ მაისის ბოლომდე, ანუ ხუთ თვეში, არცერთი თეთრი არ მიუღია.
ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, ქვეყანამ 5 თვეში 827 მილიონის ვალი აიღო, 6 თვის გეგმის მხოლოდ ნახევარი, რაც ძირითადად საშინაო ვალია, პოლიტიკური იზოლაციის პირობებში “ქართულ ოცნებას” არც ფინანსურ ველზე აქვს საქმე კარგად.
ფინანსთა სამინისტრომ მაისის ბოლომდე უცხოური ვალის გეგმის მხოლოდ მესამედი შეასრულა. ეს ის კრედიტებია, რომელსაც ქვეყანა სხვადასხვა პროექტებისთვის იღებს. პარტნიორები უკვე დაგეგმილ პროექტებს არ აჩერებენ, თუმცა ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტები შეჩერებულია. ეს ეკონომიკურ ჩიხში შესვლის და საერთაშორისო იზოლაციის შედეგის პირველი სიგნალებია.
დასავლური სამყაროს არჩევანია, არ დაეხმაროს “ქართული ოცნების” მთავრობას, ამიტომ ექსპერტები დარწმუნებულები არიან, რომ ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტები არ გაიცემა, სანამ ოლიგარქის პარტია ქვეყანას დემოკრატიის გზაზე არ დააბრუნებს.
ექსპერტების თქმით, ქვეყანა შედეგს უფრო მძიმედ შემოდგომაზე იგრძნობს, მას შემდეგ, რაც უცხოური ვალუტის შემოდინება შემცირდება.
წყარო – ტვ პირველი