₾82-მილიონიანი გადახარჯვა – საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ ბიუჯეტის გეგმას გასულ წელსაც გადააჭარბა

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ გასულ წელს იმაზე მეტი დახარჯა ვიდრე ბიუჯეტის პროექტით იყო გათვალისწინებული. ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2023 წელს პროგრამაზე 1.06 მილიარდი ლარი დაიხარჯა, რაც გეგმით განსაზღვრულზე 82 მილიონი ლარით მეტი იყო.
2023 წელს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში მომსახურება 713 ათას პაციენტს გაეწია, ხოლო თითოეულ მათგანზე ბიუჯეტის მხრიდან გაწეული მომსახურებების ფასმა საშუალოდ 1,490 ლარი შეადგინა, ეს მაჩვენებელი 2022 წელთან შედარებით 19.5%-ით მეტია. იმისთვის, რათა პროგრამას გადახარჯვა არ ჰქონოდა, მაშინ ერთი პაციენტის მომსახურების საშუალო ხარჯი 1,374 ლარი უნდა ყოფილიყო.
ჯანდაცვის სამინისტრო უკვე არაერთი წელია ცდილობს პროგრამის ხარჯები უფრო განჭვრეტადი გახადოს, თუმცა ამის მიუხედავად ის შექმნის წლიდანვე (2013) ყოველწლიურად გადახარჯვით სრულდება. 2023 წელს ეს 82 მილიონი ლარის გადახარჯვა იყო, 2022-ში 86 მილიონის, 2021-ში 0.3 მლნ-ის, 2020 წელს 162 მლნ-ის, 2019 წელს კი პროგრამის ბიუჯეტსა და ფაქტობრივ ხარჯვას შორის აცდენა 72 მილიონი ლარი იყო.
2024 წლის ბიუჯეტის თანახმად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამისთვის 1.03 მილიარდი ლარია გათვალისწინებული, რაც 2023 წლის ფაქტობრივ შესრულებაზე 27 მილიონი ლარით ნაკლებია.

ასევე დაგაინტერესებთ

„საქართველოს ეროვნულ ბანკში ყოველთვის მიგვაჩნდა, რომ ქალების პროპორციული ჩართვა გადაწყვეტილებების მიღებასა და ეკონომიკურ აქტივობაში ქვეყნის გრძელვადიანი მდგრადი ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა“ – ეკატერინე გალდავა