₾5 მილიონიანი კაპიტალი და ₾5.6 მილიონიანი აქტივები – როგორია ახალი ბანკის „პეივ ჯორჯიას“ ფინანსური მაჩვენებლები?

გასული წლის დეკემბერში, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სს „პეივ ჯორჯიას“ ციფრული ბანკის ლიცენზია მიანიჭა, რითაც საქართველოს საფინანსო სისტემას მე-3 ციფრული და მე-17 კომერციული ბანკი შეემატა.
როგორც თავდაპირველად გახდა ცნობილი, „პეივ ჯორჯია“ ფინანსური პროდუქტების გაერთიანებას და მათ ციფრულ აქტივებთან და ანგარიშების პროგრამირებადობასთან დაკავშირებას გეგმავს და მიზნად ისახავს ტექნოლოგიურ კომპანიებს მოემსახუროს. საბანკო ლიცენზიის მიღებიდან შვიდი თვის განმავლობაში „პეივ ჯორჯია“ სატესტო რეჟიმში იმუშავებს და რეალურ გარემოში საბანკო საქმიანობის განხორციელება შეზღუდული ექნება.
„პეივ ჯორჯიამ“ თავისი პირველი კვარტალური ფინანსური ანგარიში ეროვნულ ბანკს უკვე წარუდგინა. ახალი ციფრული ბანკის კაპიტალი 5 მლნ ლარს, აქტივები კი 5.6 მლნ ლარს შეადგენს.
რაც შეეხება ბანკის სხვა ფინანსურ მონაცემებს, ასე გამოიყურება:
პირველადი კაპიტალი – 4.7 მლნ ლარი;
ვალდებულებები – 581 007 ლარი;
ნაღდი ფული – 5.3 მლნ ლარი;
ხელმისაწვდომი სტაბილური დაფინანსება – 4.7 მლნ ლარი; სტაბილური დაფინანსების საჭიროება – 1.1 მლნ ლარი.
სს „პეივ ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი და 65%-იანი წილის მფლობელი ომარ-სალიმ დანანია. დმიტრი ბოჩაროვს, რომელიც საოპერაციო დირექტორია 15%-იანი წილი აქვს. ტექნოლოგიურ დირექტორ საიმონ ჯეიმს ვანს-კოლინას კი ბანკის 20% ეკუთვნის.