ფოთის მერიის ყოფილ თანამშრომელს დიდი ოდენობით თანხის – 157 906 ლარის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტზე ბრალი წარუდგინეს.
პროკურატურის თანახმად, მას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ფოთის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახურის საბუღალტრო აღრიცხვის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში, ისარგებლა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით და 2019-2024 წლებში როგორც საკუთარ, ასევე ახლობლის საბანკო ანგარიშებზე თანამდებობრივი სარგოს, მივლინებისა და სხვა დანიშნულებებით, ზედმეტად ჩარიცხა და მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა 157 906 ლარი, რის შედეგადაც ფოთის მერიას დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი მიადგა”, – აცხადებენ პროკურატურაში.
პროკურატურის თანახმად, ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისება, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.




