ჰუსიტი ექსტრემისტების წინააღმდეგ ბრძოლა ამერიკამ დიდ ბრიტანეთთან ერთად დაიწყო – იემენში ვითარება მწვავდება

ამერიკამ დღეს სამიზნე, ჰუსიტების სტრატეგიული მნიშვნელობის წერტილებზე კიდევ ერთხელ გაასწორა. ამ სამხედრო ოპერაციით და ობიექტების განადგურებით შტატების არმია წითელ ზღვაში მოძრავი კომერციული ხომალდების საფრთხისგან დაცვას ცდილობს.
ჰუსიტი ექსტრემისტების წინააღმდეგ ბრძოლა ამერიკამ დიდ ბრიტანეთთან ერთად დაიწყო. მხოლოდ ერთ დღეში, როგორც საზღვაო, ისე საჰაერო გამანადგურებლებმა იერიში 28 წერტილში 60-ზე მეტ სამიზნეზე განახორციელა. თავდასხმის ობიექტებს სამხედრო ბაზები, იარაღის საწყობები და აეროდრომები წარმოადგენდა.
მსოფლიოს ორი უძლიერესი შეიარაღების მქონე ქვეყნის ერთდროული თავდასხმა მოულოდნელი არ ყოფილა. ეს არის პასუხი ჰუსიტების ბოლოდროინდელ ქმედებებზე, რითაც დაჯგუფებები წითელ ზღვაში პრობლემებს აქტიურად ქმნიან. ისინი პერიოდულად ახორციელებენ თავდასხმებს კომერციულ საერთაშორისო გემებზე. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ეს შეტევები ბევრად უფრო ინტენსიური გახდა. სწორედ ამან შექმნა სიტუაცია, რომელიც რეაგირებას აუცილებლად საჭიროებდა.
შტატებმა ჰუსიტების მიერ წითელ ზღვაში მშვიდობიანი გემების წინააღმდეგ, რაკეტებისა და დრონების გაშვების დაუყონებლივი შეჩერება არაერთხელ მოითხოვა. დღეს როგორც ამერიკული, ისე ბრიტანული მხარე თავის გადაწყვეტილებაში მკაცრია. დღეს შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჰუსიტებს ტერორისტული დაჯგუფება უწოდა. ჯოზეფ ბაიდენმა ირანსაც მიმართა და ჰუსიტების მხარდაჭერისგან თავის შეკავება ურჩია.
შესაძლოა იყოს პასუხის პასუხიც. ჰუსიტების ლიდერები იმუქრებიან და ცეცხლის გახსნას აანონსებენ. “ამერიკულ და ბრიტანულ თავდასხმებს პასუხი გაეცემა” – ეს ჰუსიტების ლიდერის განცხადებაა. მოჰამედ ალ-ჰუთი წითელი ზღვის უსაფრთხოების დარღვევაში ამერიკის შეერთებულ შტატებს ადანაშაულებს.
სამხედრო თავდასხმების დაწყების პარალელურად, პოლიტიკური პროცესიც გააქტიურდა. ამის ერთ-ერთი ინსტრუმენტი გაეროა. წითელი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების თემა დღეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპეციალური სხდომის მთავარი საკითხი იყო.
ყველა მხარე, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ამ სტრატეგიული მარშრუტით გადაადგილება და უსაფრთხოება, თანხმდება რეგიონში სიტუაციის დეესკალაციის აუცილებლობაზე. ეს კი, ჰუსიტების მხრიდან მშვიდობიან გემებზე თავდასხმების შეწყვეტით უნდა დაიწყოს.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ყველასთვის მიუღებელია წითელ ზღვაში კომერციული გემების წინააღმდეგ თავდასხმები. დიპლომატები ფიქრობენ, რომ ეს საფრთხეს უქმნის მსოფლიო უსაფრთხოებას. ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ პროცესებზე კი, უარყოფით გავლენას ახდენს.
ერთადერთი, ვინც განსხვავებულად აფასებს წითელ ზღვის აუზში მიმდინარე პროცესებს, აღმოჩნდა. ქვეყნის წარმომადგენელმა გაეროს სხდომაზე ამერიკა და ბრიტანეთი აგრესორებად წარმოაჩინა.
მუქარის, სამხედრო იერიშებისა და წითელი ზღვის აუზში მიმდინარე მოვლენებზე პოლიტიკური მსჯელობის დაწყების პარალელურად, საპროტესტო მსვლელობები მიმდინარეობს იემენში. ქვეყანაში, სადაც ჰუსიტების დაჯგუფებებია გამაგრებული. დაჯგუფების მიერ ორგანიზებულ აქციებში ათიათასობით დემონსტრანტი მონაწილეობს.
ჰუსიტების დაჯგუფებების ბოლო პერიოდის გააქტიურება -ჰამასის ომის ფონზე დაიწყო. ეს არის დაჯგუფება, რომელიც მხარდაჭერილია ირანის მიერ, ისევე როგორც “ჰამასი” და “ჰეზბოლა”. ახლა მათ მიზანია, კრიზისი წითელ ზღვაზე სტრატეგიული გასასვლელის დაბლოკვის გზით შექმნან და სწორედ ამიტომ ახორციელებენ თავდასხმებს კომერციულ გემებზე.
ავტორი: ნინი ნიკოლეიშვილი