მედიაში გავრცელებული ცნობებით, ირანის მიერ მხარდაჭერილმა იემენელმა ჰუსიტებმა წითელ ზღვაში სატვირთო ხომალდი Galaxy Leader-ი გაიტაცეს. გემის გატაცებას ისრაელიც ადასტურებს, თუმცა უარყოფს თავდაპირველად გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სატვირთო ხომალდი ისრაელურია.
“ჰუსიტების მიერ იემენთან ახლოს, წითელი ზღვის სამხრეთში, სატვირთო ხომალდის გატაცება ძალიან სერიოზული ინციდენტია, რასაც გლობალური შედეგები ექნება”, – ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.
ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ გავრცელებული ცნობით, გატაცებული გემი თურქეთიდან ინდოეთისკენ მიცურავდა და მასზე 52 სხვადასხვა ეროვნების სამოქალაქო ეკიპაჟი იმყოფებოდა. IDF-ის წარმომადგენელი დანიელ ჰაგარი ადასტურებს, რომ გემზე ისრაელის მოქალაქეები არ იმყოფებოდნენ.
გატაცებული სატვირთო ხომალდი ბრიტანული კომპანიის ქვეშ არის დარეგისტრირებული, რომლის წილსაც ისრაელელი მაგნატი აბრაამ უნგარი ფლობს. მიმდინარე ცნობებით, ამ დროისთვის გემის მართვა იაპონურ კომპანიას იჯარით აქვს აღებული.
19 ნოემბერს იემენში ირანიდან მართულმა ჰუსიტების შეიარაღებულმა დაჯგუფებამ განაცხადა, რომ ისრაელის დროშის ქვეშ მცურავი ან ისრაელური კომპანიის მფლობელობაში არსებული ნებისმიერი ხომალდი მათი სამიზნე გახდებოდა.