ჰუსიტებმა წითელ ზღვაში დიდი ბრიტანეთის სავაჭრო ხომალდზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღეს. დიდი ბრიტანეთის საზღვაო ვაჭრობის ოპერაციების და უსაფრთხოების კომპანიამ დაადასტურა, რომ დაზიანდა ბრიტანეთის დროშის ქვეშ მცურავი კომერციული გემი, თუმცა დაზიანება სერიოზული არაა.
თავდასხმა იემენის სანაპიროდან 53 საზღვაო მილზე მოხდა. მცირე დაზიანება ასევე მიიღო ბარბადოსის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა. ბრიტანულმა კომერციულმა გემმა იერიშის მიუხედავად მანევრის განხორციელება და მოძრაობის გაგრძელება შეძლო.
ჰუსიტების წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ თავდასხმა ბრიტანულ ხომალდზე ჰუსიტებმა განახორციელეს.
“პირველი თავდასხმის სამიზნე იყო ამერიკული გემი Star Nasia, ხოლო მეორე იერიშის სამიზნე იყო ბრიტანული Morning Tide” – თქვა ჰუსიტების პრესსპიკერმა.
2024 წლის იანვარში ჰუსიტები აშშ-მ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა.