ჰუსიტები წითელ ზღვასა და ადენის ყურეში განთავსებულ ამერიკულ გემებზე შეტევით იმუქრებიან

იემენელი ჰუსიტების ტერორისტულმა ორგანიზაციამ 30 სექტემბერს განაცხადა, რომ სანქციებით მიზანში ამოიღებენ ამერიკულ ნავთობკომპანიებს, მათ შორის, ExxonMobil-სა და Chevron-ს, მიუხედავად ტრამპის ადმინისტრაციასთან დადებული ზავისა, რომელიც გულისხმობს, რომ ჰუსიტები წითელ ზღვასა და ადენის ყურეში -სთან დაკავშირებულ გემებს თავს არ დაესხმებიან.
იემენის დედაქალაქ სანააში მოქმედმა ჰუმანიტარული ოპერაციების საკოორდინაციო ცენტრმა (HOCC), რომელიც ჰუსიტებთან არის დაკავშირებული, განაცხადა, რომ სანქცირებულია 13 ამერიკული კომპანია, ცხრა აღმასრულებელი დირექტორი და ორი ხომალდი.
HOCC-ის მიხედვით, ჰუსიტების მიერ გამოცხადებულ ერთეულებს “კონფრონტაციის პრინციპების შესაბამისად მოეპყრობიან.”
“ჯერჯერობით გაურკვეველია, მიანიშნებს თუ არა ეს სანქციები, რომ ჰუსიტები სანქცირებულ ორგანიზაციებთან, კომპანიებთან და ინდივიდებთან დაკავშირებული გემების მიზანში ამოღებას დაიწყებენ – ეს ნაბიჯი ომანის შუამავლობით ტრამპის ადმინისტრაციასთან დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის რისკს შექმნის,” დაწერა ახლო აღმოსავლეთის ანალიტიკოსმა, მოჰამედ ალბაშამ LinkedIn-ზე.
ცნობისთვის, მიმდინარე წლის მაისში აშშ-ს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აშშ-ს იერიშების შემდეგ იემენელმა ჰუსიტებმა კაპიტულაცია გამოაცხადეს, რის შემდეგაც აშშ მათზე იერიშების მიტანას შეწყვეტდა.
ტრამპი ამბობდა, რომ ჰუსიტები ახლო აღმოსავლეთის მნიშვნელოვან საზღვაო მარშრუტებზე ამერიკული გემების გადაადგილებისთვის ხელის არ შეშლაზე დათანხმდნენ.
“მათ გვითხრეს, გთხოვთ, აღარ დაგვბომბოთ და ჩვენ აღარ დავესხმებით თქვენს გემებს, ვიღებ მათ სიტყვას და ჰუსიტების დაბომბვას დაუყოვნებლივ შევწყვეტთ”. – განაცხადა ტრამპმა ოვალურ კაბინეტში კანადის პრემიერმინისტრ მარკ კარნისთან შეხვედრისას.
ოპერაცია Rough Rider-ის ფარგლებში, აშშ-მ ჰუსიტების წინააღმდეგ თითქმის ყოველდღიური საჰაერო იერიშების მიტანა 15 მარტიდან დაიწყო. ოპერაციის მიზანი იმ საფრთხის აღმოფხვრა იყო, რომელსაც ჰუსიტები წითელ ზღვასა და ადენის ყურეში სატვირთო გემებს უქმნიდნენ.
ჰუსიტებმა წითელ ზღვაში არაერთი გემის წინააღმდეგ იერიშების მიტანა 2023 წლიდან დაიწყეს და ეს ნაბიჯი, მათი თქმით, კავშირშია ისრაელთან და ღაზაში მიმდინარე ომთან.