ჰუმანოიდი რობოტების ბაზარი 2050 წლისთვის შესაძლოა 1.4-1.7 ტრილიონ დოლარამდე გაიზარდოს – პროგნოზი
UBS-ის ანალიტიკოსების პროგნოზით, ჰუმანოიდი რობოტების გლობალური ბაზარი 2050 წლისთვის შესაძლოა 1.4-1.7 ტრილიონ დოლარამდე გაიზარდოს.
მათი შეფასებით, 10 წელიწადში ბაზარი 2 მილიონი ასეთი რობოტით შეივსება, ხოლო 2050 წლისთვის მათმა რიცხვმა შესაძლოა 300 მილიონს მიაღწიოს, რაც ხელს შეუწყობს სამუშაო ძალის დეფიციტის პრობლემის მოგვარებას.
რობოტების გამოყენების მიზანშეწონილობა განპირობებულია მოსახლეობის დაბერებით, შრომითი რესურსების დეფიციტით და მომსახურების სექტორში პროდუქტიულობის დაბალი ზრდით, – აღნიშნულია UBS-ის ახალ ანგარიშში.
ამავდროულად, ბანკის ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ გარდამტეხი მომენტი, რომლის შემდეგაც დაიწყება ანთროპომორფული რობოტების სწრაფად გავრცელება, 2030 წლამდე არ დადგება.
„ჩვენ ვხედავთ გარკვეულ დაბრკოლებებს, რომელთა გადალახვაც აუცილებელია, სანამ წარმოება იმპულსს მოიპოვებს“, – წერენ ისინი. „ესენი დაკავშირებულია ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან, მონაცემთა ნაკრებების ფორმირებასთან და რეგულირებასთან“.
ჰუმანოიდი რობოტების ფასი და ექსპლუატაციის ხარჯები მომდევნო 20 წლის განმავლობაში შესაძლოა 70%-ზე მეტით შემცირდეს, რასაც ხელს შეუწყობს წარმოების მოცულობის ზრდა და მიწოდების ჯაჭვების გაუმჯობესება, – მიიჩნევენ UBS–ში.
სექტორის ზრდა მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს ავტომატიზაციის კომპანიებს, საავტომობილო კომპონენტების მწარმოებლებს, ნახევარგამტარებისა და აკუმულატორების მწარმოებლებს და იშვიათმიწა ლითონების მიმწოდებლებს.
UBS-ის შეფასებით, 2050 წელს 86 მილიონი ჰუმანოიდი რობოტის წარმოება ავტომატიზაციის ბაზრისთვის დამატებით 400 მილიარდი დოლარის და იშვიათი ლითონების ბაზრისთვის 7 მილიარდი დოლარის შემოსავალს გამოიმუშავებს, რაც, შესაბამისად, 2025 წლის მაჩვენებელზე ოთხჯერ და ორჯერ მეტია.
