ჰუმანიტარული პროგრამის ფარგლებში, სირიაში 31 დეკემბერს 500 ტონა უკრაინულ ფქვილს ჩაიტანენ, – ამის შესახებ დამასკოში ვიზიტით მყოფმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ განაცხადა.
„ჩვენ სასურსათო უსაფრთხოების მხარდაჭერის პირობა დავდეთ და დაპირება მოკლე ვადებში შევასრულეთ. ხვალ სირიაში ჩამოვა 20-ზე მეტი სატვირთო, რომლებიც ჩამოიტანენ პირველ 500 ტონა უკრაინულ ფქვილს ჰუმანიტარული პროგრამის – „მარცვლეული უკრაინიდან“ ფარგლებში. ამ ფქვილს სირიელ ოჯახებს უფასოდ დაურიგებენ“, – განაცხადა სიბიგამ დამასკოში გამართულ ბრიფინგზე.
ანდრეი სიბიგას თქმით, ფქვილი საკმარისი იქნება 33 ათასი სირიელი ოჯახის ერთი თვის განმავლობაში უზრუნველსაყოფად.
უკრაინელი მინისტრის განცხადებით, ეს მხოლოდ პირველი პარტიაა და უკრაინა მზად არის, სირიას ბევრად მეტი ფქვილი მიაწოდოს.
ამას გარდა, ანდრეი სიბიგამ სირიელ ხალხს პრეზიდენტ ზელენსკის გზავნილი გადასცა.
„ეს გზავნილი ნათელია: ჩვენ თქვენ გვერდით ვართ, მზად ვართ, დავეხმაროთ სირიელ ხალხს, რადგან უკრაინა დაინტერესებულია სირიაში სტაბილურობით და ორივე ქვეყნისთვის მომგებიანი თანამშრომლობის განვითარებით“, – თქვა მან.
თავის მხრივ, სირიის ახალი ადმინისტრაციის მიერ დანიშნულმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ასად ჰასან ალ-შიბანიმ განაცხადა, რომ უკრაინასა და სირიას შორის იქნება სტრატეგიული პარტნიორობა პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ სფეროებში. ასევე, მისი თქმით, დამასკო კიევთან სამეცნიერო თანამშრომლობის აღდგენას გეგმავს.
ამასთან, დამასკოში ყოფნისას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ სირიის ახალი ხელისუფლება პატივს სცემს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას. მან აღნიშნა, რომ ბაშარ ასადის მმართველობის დროს სირიის ხელისუფლებამ ყირიმის ანექსია აღიარა, ამიტომ კიევმა დამასკოსთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა, თუმცა ამჟამინდელ პირობებში მათი აღდგენა შესაძლებელია.
„გამოვდივართ იქიდან, რომ ახალი სირია გახდება სახელმწიფო, რომელიც პატივს სცემს საერთაშორისო სამართალს, კერძოდ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და უკრაინის სუვერენიტეტს. ეს გზას გაუხსნის დიპლომატიური ურთიერთობების, პოლიტიკური დიალოგისა და დიპლომატიური დაწესებულებების მუშაობას აღდგენას“, – განაცხადა ანდრეი სიბიგამ.
![](https://news.ge/wp-content/uploads/2025/02/hokeis-moedani_w_h-tEUyiB-300x169.jpeg)