ჰუთების დაჯგუფებამ წითელ ზღვაში კიდევ ერთი გემის განადგურება სცადა

იემენში მოქმედი ჰუთების დაჯგუფებამ, რომელიც -ს ტერორისტულ ორგანიზაციად ჰყავს გამოცხადებული, წითელ ზღვაში მორიგი სარაკეტო იერიში მიიტანა სატვირთო გემზე.
შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, თავდასხმა 18 იანვარს, იემენის დროით საღამოს 9 საათისთვის მოხდა. სარდლობის განცხადებით, ირანის მიერ მხარდაჭერილმა ტერორისტებმა ორი გემსაწინააღმდეგო ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს ტანკერ Chem Ranger-ის მიმართულებით. მარშალის კუნძულების დროშით მცურავი ტანკერი აშშ-ს ეკუთვნის, თუმცა მას საბერძნეთის კომპანია მართავს.
ამერიკელი სამხედროების ინფორმაციით, ორი რაკეტა გემის მახლობლად, წყალში ჩავარდა. ცენტრალურ სარდლობას ტანკერის ეკიპაჟისგან არ მიუღია შეტყობინება ვინმეს დაშავების, ან გემის დაზიანების შესახებ.
ამ ინციდენტამდე რამდენიმე საათით ადრე შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ ჰუთებს გაუნადგურეს თავდასხმისთვის გამზადებული 14 რაკეტა, რომლებიც წითელ ზღვაში საფრთხეს უქმნიდნენ სხვადასხვა ქვეყნის სატვირთო გემებს და ამერიკულ სამხედრო გემებს.
ამერიკულმა და ბრიტანულმა სამხედრო გემებმა და ავიაციამ ჰუთების ობიექტებზე პირველი იერიში 12 იანვარს მიიტანეს და ოფიციალური მონაცემებით, 60-ზე მეტი სამიზნე გაანადგურეს. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა განაცხადეს, რომ დარტყმები იყო პასუხი წითელ ზღვაში გემებზე უპრეცედენტო თავდასხმებზე. ბოლო დღეებში, ჰუთების პოზიციებზე კიდევ რამდენიმე დარტყმა განხორციელდა.
ჰუთების შიიტური გასამხედროებული დაჯგუფება, რომელიც თავს „ანსარ ალაჰს“ უწოდებს, წითელ ზღვაში გემებს თავს ესხმის 2023 წლის შემოდგომიდან, ისრაელსა და პალესტინელთა რადიკალურ ისლამისტურ მოძრაობა ჰამასს შორის ომის დაწყების შემდეგ. ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუთები, რომლებიც იემენის ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილს აკონტროლებენ, მტრად მიიჩნევენ ისრაელს, აშშ-ს და საუდის არაბეთს და აცხადებენ, რომ გემებზე თავდასხმებს არ შეწყვეტენ, სანამ ჰამასის წინააღმდეგ ომს არ დაასრულებს.
წითელ ზღვაზე გადის მნიშვნელოვანი სავაჭრო გზა, რომელზეც მსოფლიო ვაჭრობის 12% მოდის. წითელი ზღვა სუეცის არხით უერთდება ხმელთაშუა ზღვას და აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი ყველაზე მოკლე საზღვაო მარშრუტია.
თავდასხმების გახშირების გამო, მსოფლიოს მსხვილი კომპანიები სულ უფრო ხშირად არიდებენ თავს წითელი ზღვით ტვირთების გადატანას. ალტერნატიული მარშრუტი აფრიკის სამხრეთის გავლით, ტრანსპორტირების დროს მნიშვნელოვნად ზრდის.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ღამბაშიძე: ოღონდ აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს ოცნებამაც იცის და რა თქმა უნდა ხვალიდან გადაფსიხდება და კაცმა არ იცის კიდევ რა კანონებს მიიღებს და კიდევ რა გზით ეცდება ჩვენს გაჩუმებას