ჰოსპიტალიზებულ პატიმარზე არც ომბუდსმენი საუბრობს – „დეტალების გასაჯაროვებისგან თავს ვიკავებთ“

სახალხო დამცველი ეხმაურება გლდანის ციხეში პატიმრობაში მყოფი მოქალაქის, იოსებ გორგაძის „ვივამედის“ კლინიკაში გადაყვანას, აცხადებს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მას აპარატის თანამშრომლები ვერ ესაუბრნენ; ომბუდსმენის აპარატი არ ასაჯაროვებს მის შესახებ ინფორმაციას.
„აპარატის მიერ შეკრებილი ინფორმაციიდან დეტალების გასაჯაროებისგან თავს ვიკავებთ, ერთი მხრივ განსაკუთრებული პერსონალური მონაცემების დაცვის, მეორე მხრივ კი მიმდინარე გამოძიებაზე მონიტორინგის ეფექტიანად განხორციელების მიზნით“, – წერია ომბუდსმენის მიერ 29 იანვარს 18:45 საათზე გავრცელებულ განცხადებაში.
29 იანვარს ცნობილი გახდა, რომ გლდანის ციხიდან კლინიკა „ვივამედში“, სავარაუდოდ, მძიმე დაზიანებებით გადაიყვანეს ერთ-ერთი პატიმარი, ბრალდებული იოსებ გორგაძე. ოჯახის თანახმად, რამდენიმე დღის განმავლობაში მათ ეს არ იცოდნენ.
ომბუდსმენის აპარატი წერს, რომ სახალხო დამცველის რწმუნებული პატიმრის მდგომარეობის გადამოწმებისა და სამედიცინო პერსონალთან გასაუბრების მიზნით კლინიკაში იმყოფებოდა.
· „საჭირო ინფორმაციის მოსაპოვებლად, სახალხო დამცველის რწმუნებული ასევე, იმ პენიტენციური დაწესებულების პატიმრებს და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდა, საიდანაც დაშავებული ბრალდებული 23 იანვარს კლინიკაში გადაიყვანეს“;
· „სამწუხაროდ, უშუალოდ „ვივამედში“ მოთავსებულ პატიმართან გასაუბრება ვერ მოხერხდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო“, – წერია განცხადებაში.
„სახალხო დამცველის აპარატისთვის ცნობილია, რომ დაწყებულია გამოძიება პატიმრის დაზიანებების წარმოშობის მიზეზების დადგენის მიზნით. სახალხო დამცველი მოუწოდებს გამოძიებას, შემჭიდროებულ ვადებში მოხდეს ფაქტის გამოძიება და პატიმრის დაზიანებების წარმოშობისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების მიზეზების დადგენა“, – ვკითხულობთ განცხადებაში.
„გარდა ამისა, როგორც აპარატისთვის არის ცნობილი, პატიმრის ოჯახის წევრები მიუთითებენ, რომ პენიტენციურმა სამსახურმა მათ ინფორმაცია მომხდარის შესახებ არსებითი დაგვიანებით მიაწოდა. სახალხო დამცველის აპარატი შეისწავლის მოცემულ საკითხსაც“, – აცხადებს ომბუდსმენი.
29 იანვარს იოსებ გორგაძის ოჯახის წევრები, მეგობრები და ახლობლები ხულოდან და წალკიდან გლდანის ციხესთან შეიკრიბნენ. ისინი განმარტებებს ითხოვენ პენიტენციური სამსახურისგან. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.
ოჯახი ვარაუდობს, რომ პატიმარი ნაცემია, რადგან თავის არეში მძიმე დაზიანებები აქვს და ყელზე, სავარაუდოდ, ხრჩობის კვალი ეტყობა: „თავის უკანა მხარე [კეფა] ჩამტვრეული აქვს, სისხლი შედედებულა თავში. თავის გვერდითა და წინა მხარე ჩამტვრეული აქვს“, – უთხრა ბრალდებულის მამამ ჟურნალისტებს.
რადიო თავისუფლების კორესპონდენტს ადგილზე, გლდანის ციხესთან, გორგაძის ნათესავებმა უთხრეს, რომ მას მძიმე დაზიანებები აღენიშნება და მართვით სუნთქვაზეა.
„არ ვიცით, ეს ყველაფერი უბედური შემთხვევა იყო თუ ვინმემ განზრახ გააკეთა“, – – ამბობს დაკავებულის მეზობელი ჯემალ მიქელაძე.
„დაზიანებები ისეთია, რომ, დიდი ალბათობით, განზრახ მიყენებული ზიანი აქვს. თავის ქალა აქვს გატეხილი და ყელში აქვს ჭრილობები, თითქოს ვინმე ახრჩობდა. ციხის ადმინისტრაციასთან კონტაქტი ვერ შედგა. მომხდარი ჩვენამდე ერთი კვირის მერე მოვიდა. ამბობენ, რომ გადარჩენის 10%-იანი შანსია მხოლოდ. ფაქტიურად, ვერ გადაიტანსო”, – ამბობს მიქელაძე.
იოსებ გორგაძე წინასწარ პატიმრობაშია.
მისი სასამართლო პროცესი 27 იანვარს უნდა გამართულიყო, თუმცა ოჯახს შეატყობინეს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაიდო.
ის 24 ოქტომბერს დააკავეს წალკის გზაზე მომხდარი ავარიის გამო.
„ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა ზურა ჩხაიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ თავად ვერ გასცემენ პაციენტის შესახებ ინფორმაციას.
„ყველა პაციენტის შესახებ ინფორმაცია მიწოდებულია პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო დეპარტამენტს და მას დაუკავშირდით”, – ამბობს ექიმი.
რადიო თავისუფლება ინფორმაციის დასაზუსტებლად პენიტენციურ სამსახურს დაუკავშირდა, თუმცა ჯერ პასუხი არ მიუღია. ინფორმაცია პასუხების მიღებისთანავე განახლდება.