ჰორმუზის სრუტის დახურვა ნავთობის ფასს 90 დოლარამდე გაზრდის – Citigroup-ი

ამერიკული Citigroup-ი მიიჩნევს, რომ ჰორმუზის სრუტის დაკეტვის შემთხვევაში, ბრენტის ტიპის ნავთობის ფასი შესაძლოა ბარელზე 90 დოლარამდე გაიზარდოს, – წერს Bloomberg.
„სრუტის ნებისმიერმა დახურვამ შეიძლება ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვიოს“, – აღნიშნავენ ანალიტიკოსები. თუმცა, მიიჩნევენ, რომ ამ მნიშვნელოვან გზაზე გადაზიდვების გრძელვადიანი შეჩერება ნაკლებად სავარაუდოა.
ირანული ნავთობის ექსპორტის ნებისმიერ შეფერხებას შესაძლოა ფასებზე მოსალოდნელზე ნაკლები გავლენა ჰქონდეს, – მიიჩნევენ Citigroup–ში. ქვეყნიდან გადაზიდვები მცირდება, ხოლო ჩინეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები ნაკლებს ყიდულობენ, – აღნიშნავენ ბანკში.
Brent-ის ნავთობის ფიუჩერსები ამჟამად ბარელზე დაახლოებით 77 დოლარის ფარგლებში ივაჭრება.
JP Morgan-ის შეფასებით, რომელიც მოჰყავს Reuters–ს, ახლო აღმოსავლეთში უფრო ფართომასშტაბიანი კონფლიქტის ყველაზე ექსტრემალურ შემთხვევაში, ნავთობის ფასი შეიძლება ბარელზე 120-130 დოლარამდე გაიზარდოს.