ბიო ტუალეტების იმპორტიორი კომპანიის „ჰასი საქართველო“ დირექტორმა, ირაკლი ჩხაიძემ განაცხადა, რომ ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს მათზე ასახვა უკვე აქვს. ამის შესახებ მან BM.GE-სთან ისაუბრა.
საქმე ისაა, რომ კომპანიის წარმომადგენლები ჰოლანდიაში ახალი ამწე-კალათების, ანუ მანქანა-დანადგარების შესაძენად ჩავიდნენ, თუმცა მათ პროდუქციის შესყიდვაზე უარი მიიღეს. აღნიშნული ქვეყნის სანქცირების საფრთხეს უკავშირდება.
მისივე ცნობით, ჰოლანდიელებმა განუცხადეს, რომ მათთვის სანქციის სიაში ან პოტენციურად დასანქცირების მომლოდინე ქვეყნისთვის პროდუქციის მიყიდვა სერიოზული გამოწვევა იყო.
„მიმდინარე მოვლენებმა შეფერხებები უკვე გამოიწვია. მცირე პრობლემა გვქონდა. კონკრეტულად ჰოლანდიიდან გვინდოდა ამწე კალათების ჩამოტანა. როდესაც ჰოლანდიაში ჩავედით მე და ჩემი პარტნიორი რამდენიმე ამწე მანქანის საყიდლად, უარი გვითხრეს. იმიტომ, რომ თქვენი ქვეყანა სანქციების სიაშიაო. შემდეგ დაიწყო გარჩევა. ჩვენ ავუხსენით, რომ სანქციების სიაში კი არ ვიყავით, უბრალოდ ამაზე ზოგადად ლაპარაკი იყო, რომ საქართველო შეიძლება სანქციების სიაში მოხვდეს.
ბოდიში მოგვიხადეს. გვითხრეს, რომ მართალია საქართველო სანქციების სიაში არ არის, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ სანქციები მათთვის მტკივნეული საკითხია, პროდუქციის მიყიდვის შემთხვევაში, რომ გაიგეს საქართველო სანქცირებულების სიაშია, მათ ბანკები და საგადასახადო პასუხს მოსთხოვენ. შესაბამისად, თავს იკავებენ ისეთ ქვეყანასთან სავაჭრო ურთიერთობებისგან, რომელიც სანქცირებულია ან შესაძლოა სანქციების სიაში მოხვდეს“, – თქვა მან.
„ჰასი საქართველო“ დირექტორი სამომავლო გეგმებზე პროგნოზს ვერ აკეთებს, თუმცა არსებული მდგომარეობა მათ ბიზნესს დიდ საფრთხეებს უქმნის.
„შეიძლება ბიზნესს ძალიან დიდი საფრთხე შეექმნას. ღმერთმა ნუ ქნას, რომ ქვეყანა დაასანქცირონ. უკვე არის მომენტი, რომ მთავრობის რამდენიმე წევრი სანქცირებულია, რაც საბაბს მისცემს დიდ კომპანიებს, რომ არ მოგვყიდონ პროდუქცია. ურჩევნიათ უსაფრთხოდ იყვნენ და არ “გაიშარონ” მარეგულირებელ ორგანოებთან, ვიდრე რამდენიმე დანადგარი მოგყიდონ“, – ამბობს ირაკლი ჩხაიძე.
ინფორმაციისთვის, კომპანია ბაზარზე 2018 წელს გამოჩნდა და ის სამშენებლო უსაფრთხოებისა და სანიტარული მომსახურების მიწოდებას საქართველოს მასშტაბით ახდენს.