ცხოველთა და ფრინველთა საკვების დამამზადებელი საწარმო „ნუტრიმაქსის“ მმართველი პარტნიორი, ბექა ბექაია ამბობს, რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, ჰოლანდიელ ინვესტორებთან მოლაპარაკებები გაჩერდა. ამის შესახებ მან BM.GE-სთან ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს მათზე მნიშვნელოვანი ასახვა ჯერ არ ჰქონია, თუმცა მოსალოდნელია, რომ პროცესები საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში მათ ბიზნესზეც აისახება.
„ჩვენთვის 2024 წელი იყო გამოწვევის წელი. შარშან ახალი საწარმო გაიხსნა ძაღლებისთვის და კატებისთვის. პრინციპში, წელსაც გრძელდება ახალი ცოდნის მიღების პერიოდი. ხარისხობრივად წინ წავიწიეთ. ბევრ საექსპორტო ბაზარზე ვცადეთ გასვლა, ბოლომდე ადგილი ვერ დავიმკვიდრეთ, მაგრამ ამ პროცესს საფუძველი ჩავუყარეთ.
ახლა კი, შიდა და გარე ფაქტორები ჩვენს გეგმებზე მოქმედებს. გარე ფაქტორებია, რაც ხდება ქვეყანაში, რაც სკეპტიკურად განგვაწყობს. პრინციპში მთელი წელი ასეთი იყო. ბიზნესზე ეს ძალიან ნეგატიურად აისახება. პროცესები პირდაპირ ისე არ შეგვხებია, როგორც მაგალითად, ტურიზმს და სტუმარმასპინძლობის სექტორს. თუმცა, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში ეს ყველაფერი ყველა ბიზნესზე იმოქმედებს.
აქტიური მოლაპარაკებები გვქონდა ჰოლანდიელ ინვესტორებთან, რომელიც სწორედ ამ არეულობიდან გამომდინარე გაჩერდა. ჩვენს თანამშრომლებშიც არის გაურკვევლობის და უიმედობის განცდა. ვმუშაობთ, რომ ავამაღლოთ მათი განწყობები და შევუნარჩუნოთ საბრძოლო განწყობა, თუმცა ესეც გამოწვევაა“, – აცხადებს ბექაია.