თაფლის მწარმოებელი კომპანია „ჰობი” ჩირის და ტყლაპის წარმოებასაც იწყებს და ამ პროდუქტის “გალფის” ქვეყნებში ექსპორტს გეგმავს. ამის შესახებ საწარმოს დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა, მიხეილ ჭიღლაძემ BM.GE-სთან ინტერვიუში ისაუბრა.
აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე “ჰობი” მხოლოდ თაფლის წარმოებით იყო დაკავებული, ახლა კი ჩირის, ტყლაპის, აჯიკებისა და ტყემლის მასობრივ წარმოებას ამატებს. მეწარმის თქმით, ამ მიმართულებით უკვე შეიძინეს შესაბამისი დანადგარები და წარმოებისთვისაც მზად არიან.
„ვაწარმოებთ ჩირებსაც და გვინდა ჩირის ხაზის ზრდა. ერთი კონტეინერის მოცულობის ჩირი, გვინდა, დუბაისთვის ვაწარმოოთ. ნიმუშებიც უკვე გაგზავნილი გვაქვს. გარდა ამისა, ტყლაპის ნიმუშები საუდის არაბეთშიც გავგზავნეთ“, – ამბობს ჭიღლაძე.
მისივე თქმით, მათი პროდუქციისადმი უცხოური ინტერესი განსაკუთრებით მაღალი გამოფენებში მონაწილეობის შემდეგ გახდა, რამაც კომპანიას საექსპორტო ბაზრებზე ორიენტირებისკენ უბიძგა.
მიუხედავად იმისა, რომ საექსპორტო მიმართულებით აქტიური ნაბიჯები უკვე გადაიდგა, „ჰობი“ ჯერ ვერ ასახელებს ზუსტ დროს, როდის გამოჩნდება ახალი პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე.
“ამ ეტაპზე, ზუსტად არ ვიცით, როდის დავიწყებთ ჩირის, ტყლაპის, ტყემლის და აჯიკის ადგილობრივ რეალიზაციას. ჯერ ექსპორტზე ვფოკუსირდებით და 2026 წელს უკვე, ვეცდებით, ქართულ ბაზარზეც გამოვჩნდეთ. 2025 წელს კი, ამის შანსი ნაკლებია“, – განაცხადა ჭიღლაძემ.
როგორც კომპანიის ხელმძღვანელი განმარტავს, წარმოების განვითარებაში სულ დაახლოებით 900,000 ლარის ინვესტიცია ჩაიდო. ქარხანა ნატახტარში მდებარეობს და მის ფარგლებში 400 კვ.მ თაფლის წარმოებისთვისაა გამოყოფილი, 500 კვ.მ – სასაწყობე სივრცეა, ხოლო 600 კვ.მ – ჩირისა და ტყლაპის ხაზისთვის დაემატება.
„ჰობი“ ამჟამად 10 ადამიანს ასაქმებს, ხოლო სეზონურად დამატებით კადრებთან მოკლევადიანი ხელშეკრულებით თანამშრომლობს. კომპანიის ინფორმაციით, ბიზნესი საშუალოდ 500,000 ლარის წლიურ შემოსავალს აგენერირებს.
