ჩინელი მეცნიერები გენეტიკაში მნიშვნელოვან ნაბიჯს დგამენ — ეს ერთი და იმავე სახეობის ორი განსხვავებული ინდივიდიდან ღეროვანი უჯრედის აღებასა და ამ გზით მაიმუნის დაბადებას ნიშნავს. ოღონდ ისეთის, რომელსაც მანათობელი თვალები და თითები აქვს… ეს კი უკვე მწვანე ფლუორესცენციის შედეგია, რომელიც მარკერის მსგავსად გამოიყენეს, რათა თვალი ედევნებინათ ღეროვანი უჯრედებიდან მიღებული ქსოვილებისთვის.
კვლევაში კი დეტალურადაა აღწერილი გრძელკუდიანი მაკაკას ღეროვანი უჯრედების ინტეგრირების მეთოდი იმავე სახეობის, ოღონდ გენეტიკურად განსხვავებული პრიმატის ემბრიონში. ამისთვის უპირველესად 7 დღის ემბრიონი პლურიპოტენტურ მდგომარეობას დაუბრუნეს, ანუ ბიოლოგიურ ცარიელ ფურცელს, სადაც შეძლებდნენ ნებისმიერი ტიპის უჯრედის განვითარებას. შემდგომ კი ეს უჯრედები სხვა 4-5 დღის ემბრიონებში შეიყვანეს.
ხოლო სუროგატ დედებში ემბრიონების იმპლანტირების შემდგომ, ჯგუფი 12 ორსულობასა და 6 დაბადების პროცესს დააკვირდა, საიდანაც მინიმუმ ერთ მაიმუნში უჯრედების შერევის მაღალი დონე აღინიშნებოდა. ამ ცოცხლად დაბადებულ ჰიბრიდულ მაიმუნებში ერთი ისეთიც გამოვიდა, რომლის ქიმერას მაჩვენებლები სხვადასხვა ქსოვილში 21%-92%-მდე მერყეობდა. ასე კი მათი არსებობა ტვინსა და გულშიც აღმოაჩინეს…
ფსონები საკმაოდ მაღალია — არამარტო პოტენციური ეფექტებით სამედიცინო სფეროზე, არამედ ნევროლოგიური დაავადებების შესწავლის კუთხით. ეს კვლევა გადაშენების პირას მყოფი სახეობების კონსერვაციის მიმართ ახალ მიდგომასაც გვთავაზობს. ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის უფროსი ავტორი ჟენ ლიუ კი ხაზს უსვამს ნაშრომის მნიშვნელობას პრიმატებს შორის პლურიპოტენციის გაგებაში და ამ ცოდნის გამოყენებას გენეტიკური ინჟინერიისა თუ კონსერვაციის საკითხებში.
ეს ამბავი მეცნიერულ ტრიუმფად კი შეგვიძლია ჩავთვალოთ, თუმცა 10 დღის ჰიბრიდული მაიმუნი ჯანმრთელობის გართულებების გამო დააძინეს… რაც ძალიან კარგი შეხსენება უნდა იყოს იმისა, რომ სამეცნიერო აღმოჩენებსა და მგრძნობიარე არსებების კეთილდღეობას შორის ბალანსი ფრთხილად უნდა დავიცვათ. ამასთან, მკვლევრებიც აღიარებენ არსებული პროცესის დახვეწის აუცილებლობას, რომ ამ ქმნილებების გადარჩენის დაბალი მაჩვენებელი გამოყენებული მეთოდების ხელახლა შეფასებას მოითხოვს…