„ჰეშ ბანკის” არცერთ დამფუძნებელზე არ არის გაცემული საერთაშორისო ფინანსური სანქცია, რომელსაც საქართველოა მიერთებული. ეს ეხება აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის სანქციებს, ამის შესახებ სებ-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
ეროვნული ბანკი წერს, რომ სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „ჰეშ ბანკისთვის” ლიცენზიის გაცემისას ეროვნულმა ბანკმა არ შეისწავლა ბანკის დამფუძნებელთა, აქციონერთა და მენეჯმენტის ბიოგრაფიები და ლიცენზია გასცა სანქცირებულ პირებზე.
სების განცხადებას სრულად გთავაზობთ:
საქართველოს ეროვნული ბანკი ეხმაურება სს „ჰეშისთვის” საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებით ზოგიერთი პოლიტიკურად ანგაჟირებული პირისა და მედიის მხრიდან გაჟღერებულ ბრალდებებს, თითქოს ეროვნულმა ბანკმა ლიცენზიის გაცემისას არ შეისწავლა ბანკის დამფუძნებელთა, აქციონერთა და მენეჯმენტის ბიოგრაფიები და ლიცენზია გასცა სანქცირებულ პირებზე.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ საქართველოს საბანკო სისტემა და საფინანსო სექტორი არის ღია და გამჭვირვალე. ეროვნული ბანკი კი ყოველთვის მოქმედებს ყველა იმ სტანდარტისა და ნორმის მოთხოვნის შესაბამისად, რაც განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო პრაქტიკით. სებ-ი იყო და მომავალშიც დარჩება საზედამხედველო ორგანოდ, რომელიც ერთი მხრივ, უზრუნველყოფს საქართველოს ფინანსური სისტემის მდგრადობას და იმავდროულად, საფინანსო სექტორს არ მისცემს საერთაშორისო სანქციებისთვის თავის არიდების საშუალებას.
კომპანია „ჰეშზე” ლიცენზიის გაცემის გადაწყვეტილების მიღებისას, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, კომპანიის ორივე დამფუძნებელთან – სულხან პაპაშვილთან და ვოლოდიმირ ნოსოვთან – დაკავშირებით ეროვნული კანონმდებლობისა და საერთაშორისო პრაქტიკის განუხრელი დაცვით იმოქმედა. მათ შორის, ლიცენზირებისთვის წარმოდგენილი დოკუმენტაციის კანონთან ფორმალური და ფაქტობრივი შესაბამისობის ნაწილში და მიიღო ერთადერთი კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ამასთან, ლიცენზიის გაცემა მოხდა მას შემდეგ, რაც სს „ჰეშის” მენეჯმენტის მხრიდან ყველა მოთხოვნილი დოკუმენტაცია სრულყოფილად იქნა წარმოდგენილი დადგენილ ვადებში.
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ვოლოდიმირ ნოსოვის საკუთრებაში არსებული კომპანია WhiteBIT-ი ფლობს VASP-ის ლიცენზიას ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანაში. მათ შორის, ესპანეთსა და ლიეტუვაში. უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ კი WhiteBIT-მა დატოვა რუსეთის ბაზარი.
ამასთან, ხაზი უნდა გაესვას, რომ “ჰეშ ბანკის” არცერთ დამფუძნებელზე არ არის გაცემული საერთაშორისო ფინანსური სანქცია, რომელსაც საქართველოა მიერთებული. ეს ეხება აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის სანქციებს.
შეგახსენებთ, რომ სს “ჰეში” საბანკო ლიცენზიის მიღებიდან 7 თვის მანძილზე მხოლოდ სატესტო რეჟიმში იმუშავებს და რეალურ გარემოში საბანკო საქმიანობის განხორციელება შეზღუდული ექნება. ბანკი მიზნად ისახავს ციფრულ სტრატეგიაზე გადასასვლელად განაწყოს ბაზრის როგორც ტრადიციული, ასევე ტექნოლოგიებზე ორიენტირებული მომხმარებელი.
ზოგადად, არსებული პრაქტიკით, ციფრული ბანკის ლიცენზიები თანდართული პირობებით გაიცემა, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს დეპოზიტარების დაზარალების რისკებს. თუკი ბანკის მნიშვნელოვანი წილის მფლობელ მესაკუთრეებთან მიმართებაში ფაქტობრივი მოცემულობა შეიცვლება, სებ-ი ტრადიციულად იმოქმედებს მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში. შესაბამისად, ბანკის დეპოზიტარებსა და ფინანსურ სტაბილურობას რისკები არ შეექმნება.
ასევე, როგორც ცნობილია, საწყის ეტაპზე ე.წ. ციფრული ბანკები დროის რეალურ გარემოში ოპერირებას იწყებენ ლიცენზიის გაცემიდან მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ, რაც დამატებითი დროა სებ-ისთვის პროცესებზე დასაკვირვებლად“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
თავად „ჰეშ ბანკის” სადამფუძნებლო ინფორმაციის თანახმად, ბანკის საწესდებო კაპიტალია 16,634,100 ლარი, რომელიც 210,000 აქციად იყოფა. აქედან 2,100 პრივილეგირებული აქციაა, რომელთა ერთეულის ღირებულებაა 1 ლარი, ხოლო 207,900 აქცია ჩვეულებრივი კლასის აქცია, რომელთა ერთეულის საფასურია 80 ლარი.
აქციონერები არიან:
ვოლოდიმირ ნოსოვი: უკრაინის მოქალაქე, 103,950 აქცია, საწესდებო კაპიტალის 50%;
სულხან პაპაშვილი, საქართველოს მოქალაქე, 63,403 აქცია, საწესდებო კაპიტალის 30.5%;
ლაშა პაპაშვილი, საქართველოს მოქალაქე, 40,541 აქცია, საწესდებო კაპიტალის 19.5%.
ნანა ქებურია: საქართველოს მოქალაქე, 2,100 პრივილეგირებული აქცია (ხმის უფლების გარეშე).
ბანკის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეა გიორგი ჩანადირი, მის გარდა ბანკის დირექტორთა საბჭოში არიან გიორგი ქეშელაშვილი და ირაკლი ჩახნაშვილი.
ამ ლიცენზიის გაცემის შემდეგ, საქართველოს საბანკო სექტორი 16 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი.