ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ მოსახლეობის პროტესტის ახალი ტალღა ღვივდება

საქართველოში ჰესების მშენებლობის მიმართ საპროტესტო აქციები მიზანმიმართულად მიმდინარეობს. მოსახლეობის გამოვლებს, ხშირ შემთხვევაში, ადგილი აქვს მაშინაც, როცა გარემოზე ზემოქმედების რისკები, პრაქტიკულად, არ არსებობს. როგორც ენერგეტიკოსები განმარტავენ, არსებობენ დესტრუქციული ძალები, რომლებიც ცდილობენ ჰესების მშენებლობას ძირი გამოუთხარონ და მოსახლეობა საპირისპიროდ განაწყპონ. ეს მაშინ, როცა ენერგოდამოუკიდებულება დიდი პრობლემაა ქვეყნისთვის და არსებული რესურსი მინიმალურ დონეზეც არ არის გამოყენებული.
პრობლემაა არა მარტო დიდ და საშუალო სიმძლავრის ჰესებთან მიმართებაში, არამედ მცირე პროექტებსაც უკვე ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა. 2-3 დღის წინ ანალოგიური პრობლემა გამოიკვეთ იმერეთშიც, ვანის მუნიციპალიტეტში საპროტესტო აქცია გაიმართა. ადგილობრივები სოფელ სულორში, მდინარე სულორზე 4.8 მგვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის – „სულორი ჰესის“ მშენებლობას აპროტესტებდნენ.
არსებობს ეჭვი, რომ პროტესტი მართულია, მით უმეტეს, მათ თბილისიდან სამოქალაქოო აქტივისტები და გარემოს დამცველები შეუერთდნენ.
მოსახლეობა ფიქრობს, რომ ჰესის მშენებლობამ სოფელში შეიძლება ეკოლოგიური პრობლემა გამოიწვიოს და იძულებული გახდებიან, სოფლები დატოვვონ. გარკვეული პერიოდი ჰესის მოსამზადებელი სამუშაოები შეჩერებული იყო, ახლა კი ადგილზე მშენებლობის სამზადისი განახლდა.
ადგილობრივები ამბობენ იმასაც, სოფელში ყველა მშენებლობა უხარისხოდ სრულდება, ამიტომ არ სჯერათ, რომ ამჯერად მშენებლობა ხარისხიანად წარიმართება.
მოსახლეობის განწყობას არ იზიარებენ ენერგეტიკოსები და აცხადებენ, რომ მცირე ჰესებთან დაკავშირებული პროექტები თვითმმართველობის დონეზე უნდა გადაწყდეს და აქედან მოსახლეობამ მაქსიმალური სარგებლის მიღება შეძლოს, რაც თავისთავად მოქალაქეების განწყობაზე დადებითად იმოქმედებს.
ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტი რევაზ არველაძე ფიქრობს, რომ მცირე და საშუალო ჰესების მშენებლობას დღეს ალტერნატივა არ აქვს, ამიტომ როგორმე უნდა მოხდეს მოსახლეობის დარწმუნება და პროექტებში გარკვეული სოციალური გარანტიებიც ჩაიდოს.
,,ნებისმიერი სიმძლავრე, რომელიც ჩართული იქნება ენერგოსისტემაში, დადებითად წაადგება ქვეყანას, ამიტომ რაც შეიძლება მეტი პოზიტივი უნდა იყოს ენერგეტიკულ პროექტებთან დაკავშირებით. საჭიროა მოსახლეობამ პროფესიონალი ენერგეტიკსოების მოსაზრებები გაითვალისწინოს და არა ვაიექსპერტების მოსაზრებები, ყველაფერი კარგად და საფუძვლიანად არის შესასწავლი, როცა საქმე ჰესების მშენებლობას ეხება. ნებისმიერი პროექტი სპეციალური მოკვლევის საფუძველზე უნდა დამუშავდეს.
კარგად გვახსოვს ,,ხუდონჰესის” მშენებლობა როგორ დაიწყო, მაგრამ მერე რა შედეგით დასრულდა საქართველოსთვის. ჰესებს მოსახლეობისთვის დიდი სიკეთის მოტანა შეუძლია, ამიტომ მნიშვნელოვანია სოციალური გარანტიებიც, თუმცა ბოლო წლებში პროტესტი მიზანმიმართულად იგეგმება, რომ ძირი გამოუთხარონ ჰესების მშენებლობას. მსხვილი ჰპროექტების შემთხვევაში, ხშირად ეს არის გარედან მართული პროცესები, რომ საქართველოს ენერგეტიკული სექტორი სხვა ქვეყნებზე იყოს დამოკიდებული.
ჰიდროენერგეტიკული რესურსები მაქსიმალურად უნდა განვავითაროთ. ქვეყანაში მცირე ჰესების დიდი პოტენციალი და რესურსია. ცხადია, ეს ვერ გადაწყვეტს მასშტაბურ პრობლემას, მაგრამ მსხვილი ჰესების პროექტების პარალელურად ესეც უნდა განხორციელდეს”, – აღნიშნა რევაზ არველაძემ.
ჰესების მშენებლობაში სახელმწიფოს როლის მნიშვნელობაზე გააკეთა აქცენტი ენერგეტიკოსმა ანზორ ჭითანავამ, რომელის აზრითაც ეტაპობრივად უნდა დაიგეგმოს მცირე ჰესების მშენებლობისა და სისტემაში ჩართვის გზები. მოსახლეობის ნდობა კი აშკარად მოსაპოვებელია, რაზეც ასევე გასაძლიერებელია მუშაობა.
,,მცირე ჰესების მიზანი არის ლოკალური პრობლემის მოგვარება, ადგილობრივი წარმოების და მრეწველობის წახალისება, ენერგეტიკის უზრუნველყოფა და ამ მიზნით რესურსების წარმოება და გამოყენება. ყველა სახის რესურსი შედის ამაში, როგორც ჰიდროელექტროსადგურები, ასევე ალტერნატიული წყაროები – ქარისა და მზის ენერგიები. პროტესტი, გარკვეულწილად, უკავშირდება იმასაც, რომ ამა თუ იმ პროექტის მიღმა არის ბევრი არაკეთილსინდისიერი მეწარმეც, რომელიც გამომუშავებულ ელექტროენერგიას ყიდის ქვეყნის გარეთ, ადგილობრივი მოსახლეობა კი სოციალური სარგებლის გარეშე რჩება და იაფი ელექტროენერგიის მიღების შესაძლებლობას მოკლებულია”, – განაცხადა ჭითანავამ.
რაც შეეხება, კონკრეტულ შემთხვევას მდინარე სულორზე მცირე სიმძლავრის ჰესის აშენებასთან დაკავშირებით, ენერგეტიკოსის თქმით, პროტესტი არსებობს იმ ფონზე, როცა გარემოზე ზემოქმედების რისკებზეც კი არ აქვთ წარმოდგენა და ხალხისთვის უცნობია, რეალურად ქმნის თუ არა პროექტი ეკოლოგიურ პრობლემას სოფლისთვის.
,,ზოგადი ლაპარაკია, რომ მდინარის კალაპოტი იცვლება და სხვა, რის გამოც შესაძლოა, მშენებლობა პროექტი გარემოზე ცუდად მოქმედებდეს. საკითხი სათანადოდ უნდა იქნას შესწავლილი. მოსაზრება, რომ ჰესი მაინცდამაინც ზიანს აყენებს გარემოს სწორი არ არის. გარემო იცვლება, ლანდშაფტი, კონფიგურაცია, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ უნდა შეჯამდეს ამის გარეშე და ამით რა სარგებლის მიღება შეიძლება და პროექტი შესაბამისად დაიგეგმოს.
საერთოდ, მცირე ჰესების მშენებლობის დაგეგმვა ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე უნდა ხდებოდეს და მათ უნდა განსაზღვრონ. საინტერესოა, ასევე მდინარის მოდინება როგორია და მრავალი სხვა საკითხი. რეგიონალური ინტერესების გათვალისწინებით უნდა დამუშავდეს პროექტი, ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე გადასაწყვეტი საკითხია. ქვეყნის განვითარების ინტერესიდან გამომდინარე, როგორი უნდა იყოს ექსპორტი, იმპორტი და სხვა.
ვაშენოთ ენერგოობიექტები და მერე ელექტროენერგია ვყიდოთ საზღვარგარეთ და ადგილზე არ გამოვიყენოთ, ესეც მავნებლობაა. ადგილზე წარმოებული პროდუქციის თვითღირებულება იაფი ჯდება, ამიტომ ეს კომპონენტები დაბალანსებული უნდა იყოს. ვაშენოთ იმიტომ, რომ უფრო მეტად ადგილზე მოხდეს გამოყენება, რაც უფრო მომგებიანია. კონკრეტულ ამოცანასთან ერთად ეს საკითხიც უნდა იხილებოდეს”, – განაცხადა ანზორ ჭითანავამ.
წყარო: “რეზონანსი”