ჰესების მშენებლობის ტარიფები შესაძლოა, გადაიხედოს

ჰესების მშენებლობის ტარიფები შესაძლოა, გადაიხედოს. ამის მიზეზი მშენებლობის მაღალი ხარჯია, რაც დეველოპერების საქმიანობას აფერხებს. ისინი პირდაპირ აღნიშნავენ, რომ დაბალი ტარიფიდან თანხას ვერ იღებენ. შესაბამისად, ერთადერთი გამოსავალი სატარიფო პოლიტიკის გადახედვაა, რასაც, თავის მხრივ, არასასურველი შედეგი მოჰყვება, რადგან გაზრდილი ტარიფი სერიოზულ ტვირთად დააწვება არა მარტო მომხმარებელს, არამედ ბიზნესსაც და საბოლოოდ ფასების მატებას გამოიწვევს.
ტარიფი გახლდათ მთავარი თემა, რის გამოც მცირე და საშუალო ჰესების წარმომადგენლები, ჰიდროენერგეტიკის მიმართულებით მესამე CFD აუქციონის ჩატარებას ითხოვენ. მათი თქმით, ამ დროისთვის არსებული 6.5-ცენტიანი ტარიფი ძალიან დაბალია და სწორედ ამიტომ, პირდაპირი მოლაპარაკებებით ჰესების ნაწილში კონტრაქტებზე ბევრი განაცხადი არ ყოფილა.
მათ მოთხოვნას ლოგიკურად მიიჩნევენ როგორტც ენერგეტიკოსები, ასევე სამშენებლო სფეროს სპეციალისტებიც, რომლებიც ადასტურებენ, რომ ჰესის მშენებლობისა და ექსპლუატაციაში შეყვანის დანახარჯი მართლაც გაიზარდა და არსებული ტარიფებით მუშაობა რეალურად დიდი პრობლემაა.
ენერგეტიკის ყოფილი მინისტრის დავით მირცხულავას თქმით, ჰიდროელექტროსადგური არ განეკუთვნება ინვესტიციების იმ კატეგორიას, სადაც თანხების დაზოგვა შესაძლებელია.
„თუ გადავხედავთ მრავალ პროექტს, რომელიც საქართველოში ხორციელდება, ყველა ამ ჰესის მშენებლობის დროს მასალების ღირებულება ძალიან გაზრდილია. ჰესის მშენებლობის დროს მასალების ხარისხს დიდი მნიშვნელობა აქვს. არმატურები, მეტალის კონსტრუქციები, ბეტონი, მილსადენები, მაღალი ხარისხის მილსადენები – უმაღლესი ხარისხის უნდა იყოს. აქვე აღსანიშნავია კვლევები, რომელიც ჰესის მშენებლობის თანამდევია.
დეველოპერები ამბობენ, რომ 6.5-ცენტიანი ტარიფი უკვე საკმარისი აღარ არის. გარდა ამისა, საქართველოში ზაფხულის თვეებში ტარიფი საკმაოდ დაბალია. ჰესების დეველოპერები ხარჯებისა და შემოსული თანხების დაბალანსებას ვერ ახერხებენ, აქედან გამომდინარე, პრობლემა ექმნებათ. ხარჯების შესამცირებლად ნაკლებად ხარისხიანი მასალა რომ გამოიყენონ, ეს კატეგორიულად არ შეიძლება. ნანახი და შესწავლილი ჰესების 90% აშკარად აჩვენებს, რომ 1 კვტ/სთ-ზე 6,5 ცენტი 8 თვეზე, რაც მოდინებაზე არსებულ ჰესებზეა დადგენილი, არასაკმარისია.
მესმის, რომ ამას გარკვეული გავლენა ექნება ელექტროენერგიის ფასებზე, მაგრამ საიმედოობა ძვირი ღირს. ჩვენი რეალობის გათვალისწინებით, არ შეიძლება საიმედოობის ხარჯზე ფასმა მოიკლოს“, – აღნიშნა ,,კომერსანტთან“ მირცხულავამ.
ფაქტს, რომ ჰესების მშენებლობა ძვირდება, მშენებელი და ჰიდროენერგეტიკოსი გიორგი შვანგირაძეც ადასტურებს. მიოსი თქმით, გაზრდილია როგორც ახალი ჰესების მშენებლობის, ასევე ძველი ჰიდოელექტროსადგურების რეაბილიტაციის ხარჯიც, რაც, თავის მხრივ, მომავალში ტარიფებზეც აისახება.
,,ჰესებსა და ჰიდროტექნიკურ ნაგებობებს ექსპლუატაციის ხანგრძლივი ვადა აქვთ, მაგრამ სარემონტო სამუშაოებს სისტემატურად საჭიროებენ. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო უხვწყლიანი ქვეყანაა და ბევრი ახალი ჰესი შეგვიძლია ავაშენოთ, ეს მაინც არ იძლევა ტარიფის შენარჩუნების შესაძლებლობას, ვინაიდან ახალი ჰესი გამომუშავების, გენერაციის და დისტრიბუციის ხარჯსაც მოითხოვს, რომელიც თითქმის ყველა კომპონენტში გაძვირებულია.
გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ჰესი არ არის სახელმწიფო საკუთრება, უმეტესობა კერძო კომპანიების ხელშია, ისინი უვლიან, ხოლო ბიზნესი მინიმალურ მოგებაზე ვერ იმუშავებს. ამიტომ ლოგიკურია ტარიფის გაზრდა, რადგან ქვეყანაში სტაბილური და ხარისხიანი გენერაციისთვის ჰიდროელექტროსადგურიდან გამომუშავებული ელექტროენერგია ყველაზე კარგი შესაძლებლობაა. როდესაც იზრდება მოთხოვნა ელექტროენერგიაზე, ამის დაკმაყოფილება შეუძლია ჰესებს, მათი ექსპლუატაციის ვადაც ბევრად მეტია“, – აღნიშნა გიორგი შვანგირაძემ.
მისი თქმით, ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებული მდგომარეობა, საფასო პოლიტიკის ნაწილში, სავარაუდოდ, გადაიხედება და მალე ტარიფების მატების საკითხიც დღის წესრიგში დადგება.
,,ყველა ადამიანისთვის შესამჩნევია, რომ გაძვირებულია ჩვეულებრივი მშენებლობაც, რაც დამოკიდებულია სამშენებლო მასალების – არმატურის, ცემენტის, წვრილი და მსხვილი შემავსებლების ღირებულებაზე. მოთხოვნა მატულობს და ფასებიც შესაბამისად იზრდება. დღეს ჰესების მშენებლობა გაცილებით მეტ დანახარჯს მოითხოვს, ვიდრე, ვთქვათ, ათიოდე წლის წინ. სწორედ ამიტომ იქმნება საერთო ფონი, რომ ტარიფი ზრდის მიმართულებით გადაიხედება.
აქ მარტო მშენებლობაც არ არის, ძვირდება სარემონტო ხარჯიც, მით უმეტეს, საქართველოში არ გვაქვს ქარხნები, სადაც ჰესების რეაბილიტაცია შესაძლებელია. ადრე რუსეთთან იყო მჭიდრო კავშირი, ახლა შესაბამისი მოწყობილობები მიდის ევროპის ქვეყნებში, სადაც უნდა გარემონტდეს და მერე უკან დაბრუნდეს. ეს ყველაფერი კი ზრდის ხარჯს და საბოლოოდ ტარიფებზეც ახდენს გავლენას“, – აღნიშნავს გიორგი შვანგირაძე.
ენერგეტისოსების ნაწილი კი ამბობს, რომ ტარიფებთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვთ. ამასთან, საუბრობენ იმ ნეგატიურ გავლენაზე, რაც შეიძლება ამ პროცესს მოჰყვეს როგორც რიგითი მომხმარებლების, ასევე ბიზნესის თვალსაზრისით. თემურ ჭიჭინაძე ფიქრობს, რომ მაქსიმალურად უნდა მოხერხდეს ელექტროენერგიის ტარიფის შენარჩუნება კომპანიები მაღალი მოგების ხარჯზე, რათა მომხმარებელთა ინტერესები არ დაზარალდეს.
„ახალი ჰესები უნდა აშენდეს, ძალიან კარგია, როგორც ეკონომიკურად, ისე ეკოლოგიურად. ცხადია, ეს არ ნიშნავს, რომ ენერგოდამოუკიდებლები გავხდებით, მაგრამ იმპორტის შემცირება შეგვეძლება.
რაც შეეხება ტარიფს, რა უნდა გააძვირონ, მესმის, რომ ჰესების მშენებლობის ხარჯი გაიზარდა, მაგრამ ამის კომპენსაცია მათივე მაღალი მოგებიდან შეუძლიათ, აქვთ ამის რესურსი, იმდენად მაღალი მარჟით მუშაობენ. ტარიფის გაზრდა მოსახლეობისთვის და მრეწველობისთვისაც ძალიან მძიმე იქნება. ამიტომ უნდა გამოიკვეთოს სახელმწიფო პოზიცია, არ მისცეს კომპანიებს ტარიფით სპეკულირების საშუალება. სახელმწიფო ბევრჯერ წამოეგო მათ ანკესს და ახლა ასეთი ნაბიჯი არ უნდა გადადგან.
სამწუხაროდ, მთავრობას არასდროს დაუყენებია მოთხოვნა, რომ მოხდეს საბაზისო ტარიფის რევიზია, აქამდე ლარის კურსი იყო პრობლემა, ახლა სამშენებლო ხარჯებს იმიზეზებენ. საბაბი არ დაელევათ, რომ ტარიფების გაზრდა მოითხოვონ”, – აღნიშნა თემურ ჭიჭინაძემ.
არსებული ინფორმაციით, მესამე აუქციონის გამოცხადება არ იგეგმება. როგორც ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, ტარიფები, რომლითაც ინვესტორები პირდაპირი მოლაპარაკების გზით შეძლებენ პროექტების შეთანხმებას, მეორე აუქციონის შედეგებს დაეფუძნება.
წყარო: რეზონანსი