გარემოს დაცვით შეფასების კოდექსში ცვლილებებია. კოდექსი პროექტებს 2 ნაწილად ყოფს – მსხვილი პროექტები, რომლებიც გარემოს ზეგავლენის შეფასების ჩატარების ვალდებულება აქვთ და პროექტები, რომლებისთვისაც ამ ვალდებულების გაჩენა სკრინინგის პროცედურაზე და შესაბამისი უწყების გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. ეს საქმიანობები კოდექსში დანართების სახით არის წარმოდგენილი, სადაც ცვლილებები განიხილებოდა. გარემოზე ზეგავლენის შეფასების პროცედურა აღარ დასჭირდება ისეთი ხიდის მშენებლობას, რომელიც არსებული ხიდის ჩასანაცვლებლად ან მიმდებარე ტერიტორიაზე შენდება.
Construction Service-ის დირექტორი გიორგი გაბუნია ამბობს, რომ ამ მიმართულებით ცვლილებები პოზიტიურია, რადგან ხშირად პროექტების მშენებლობა ჭიანურდება. გაბუნიას თქმით, ამ დრომდე მიზანშეწონილი იყო ერთი და იგივე ტერიტორიაზე ხიდების ჩანაცვლებისას ხელახლა გარემოს ზეგავლენის შეფასების პროცედურების მოთხოვნა, რაც ბიზნესს აზარალებდა.
“საქართველოში არის 5000 მდინარე, უამრავი ამორტიზებული ხიდი და როდესაც 100-წლიანი ხიდის ადგილზე აშენებთ ახალ ხიდს და არაფერი კონფიგურაცია არ იცვლება გარდა იმისა, რომ დროებითი ხდება გარემოს დაცვითი ღონისძიებების უზრუნველყოფა მშენებლობის პროცესში, ახალი რეგულაციის მიხედვით, აღარ არის მოთხოვნილი გზშ და ჩემი აზრით, აბსოლუტურად სწორია, იმიტომ, რომ დღეს ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება გზშ-ს შესრულების ვადები.
ჩემი აზრით, ხიდი, რომელიც 60-70 წელია ასრულებს ფუნქციას და ამორტიზებულია, იმის ადგილზე, ახლის აშენების შემთხვევაში, გარემოს დაცვითი ღონისძიების შეფასების ღონისძიებების ჩატარება აღარ არის საჭირო”, – აცხადებს Construction Service-ის დირექტორი.
კითხვაზე – რჩება თუ არა საკითხები, რომელიც ამ მიმართულებით ბიზნესს აწუხებს და სტრატეგიული პროექტების მშენებლობისას გამოწვევებს ქმნის, გიორგი გაბუნია გვპასუხობს, რომ აუცილებელია მსხვილი ჰესების მშენებლობის დროს, მოსახლეობასთან კომუნიკაციაში სახელმწიფოს მედიატორის როლი ჰქონდეს და მისი ინტერესები უკანა ფლანგზე არ იყოს გადატანილი.
“როდესაც განსაკუთრებით ჰესების მშენებლობის პროცესს ეხება საქმე, გამოდის ხუთი-ექვსი ადამიანი და აპროტესტებენ ჰესის მშენებლობას. აქ არის მექანიზმი დასახვეწი, რომ ვიღაც ხუთი ადამიანის მერკანტილური ინტერესის გამო, სახელმწიფო ინტერესი არ ითრგუნებოდეს და ზუსტად ეს არის გამოწვევა. ალბათ, სახელმწიფომ რაღაც უნდა დაარეგულიროს, იმიტომ რომ ერთ მხარეს სახეზეა ადგილობრივი რამდენიმე ადამიანის თუნდაც სამართლიანი პრეტენზია, მიწის ნაკვეთებზე ან უამრავი რაღაც შეიძლება იყოს, მეორე მხარეს არის სახელმწიფო ინტერესი. მექანიზმი უნდა იყოს, რომ სახელმწიფო ინტერესი უკანა მხარეს არ იყოს გადაწეული.
ბევრჯერ გამიგია, რომ რაღაც ჯგუფს არ აქვს სურვილი, რომ მეორე ჯგუფმა ინვესტიცია განახორციელოს მის ტერიტორიაზე და ყოფილა შემთხვევები გამოუყვანია მოსახლეობა და რეალურად ის კი არა, რომ რაღაც სახელმწიფოს ინტერესს ან თავის ბიზნეს ინტერესს იცავდეს, უბრალოდ ცდილობენ, რომ სხვისი ჩართულობით ან მოსახლეობის გამოყენებით მნიშვნელოვან პროექტს შეუშალოს ხელი და ეს ძალიან მტკივნეულია.
მახსოვს, დასავლეთ საქართველოში ძალიან დიდი პროექტის მშენებლობა გაჩერდა და ზოგ შემთხვევაში, როცა დიდ პროექტებზეა საუბარი, არ არის გამორიცხული, რომ თუნდაც მეზობელი ქვეყნებიდან სხვა გარე ძალის ჩართულობით, მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტის განხორციელება მათთვის არ იყოს საინტერესო. აქ სახელმწიფომ თავისი სიტყვა უნდა თქვას. მე მახსოვს, ჩვენ ჩართული ვიყავით ნენსკრას პროექტში, ხიდების მშენებლობაში კიდევ რამდენიმე პროექტში და უბრალოდ ბევრი რაღაცები იბლოკება და სახელმწიფოს როლი მაინც უკანა ფლანგზეა. მართალია ინვესტორია მთავარი, მაგრამ სახელმწიფომ თავისი პოზიცია მყარად უნდა დააფიქსიროს მაინც, თუნდაც მედიატორის სახით ამ პროცესში”, – ამბობს Construction Service-ის დირექტორი გიორგი გაბუნია.
