„ჰესების დეველოპერები ხარჯების და შემოსული თანხების დაბალანსებას ვეღარ ახერხებენ. პროექტების 90% აჩვენებს, რომ 6,5 ცენტი 8 თვეზე, რაც მოდინებაზე არსებულ ჰესებზეა დადგენილი, არასაკმარისია“ – დავით მირცხულავა
მცირე და საშუალო ჰესების წარმომადგენლები, ჰიდროენერგეტიკის მიმართულებით მესამე CFD აუქციონის ჩატარებას ითხოვენ. მათი თქმით, ამ დროისთვის არსებული 6.5- ცენტიანი ტარიფი ძალიან დაბალია და სწორედ ამიტომ, პირდაპირი მოლაპარაკებებით ჰესების ნაწილში კონტრაქტებზე ბევრი განაცხადი არ ყოფილა.
ენერგეტიკოსი, ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი, დავით მირცხულავა “კომერსანტთან” ამბობს, რომ ჰიდროენერგეტიკის სფეროს წარმომადგენლების მოთხოვნა ლოგიკურია, იმ ფონზე, როცა ჰესის საშენ მასალებზე ფასი ყოველწლიურად იზრდება. მირცხულავას თქმით, ჰიდრო ჰესი არ განეკუთვნება ინვესტიციების იმ კატეგორიას, სადაც თანხების დაზოგვა შესაძლებელია.
„თუ გადავხედავთ მრავალი ჰესის მაგალითს, რომელიც საქართველოში შენდება, ყველა ამ ჰესის მშენებლობის დროს მასალების ღირებულება ძალიან გაზრდილია. ჰესის მშენებლობის დროს მასალების ხარისხს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. არმატურები, მეტალის კონსტრუქციები, ბეტონი, მილსადენები, მაღალი ხარისხის მილსადენები – უმაღლესი ხარისხის უნდა იყოს. ასევე, აღსანიშნავია კვლევები, რომელიც ჰესის მშენებლობის თანამდევია.
დეველოპერები ამბობენ, რომ 6.5- ცენტიანი ტარიფი უკვე საკმარისი აღარ არის. გარდა ამისა, საქართველოში ზაფხულის თვეებში ტარიფი საკმაოდ დაბალია. ჰესების დეველოპერები ხარჯებისა და შემოსული თანხების დაბალანსებას ვერ ახერხებენ, აქედან გამომდინარე, პრობლემა ექმნებათ. ხარჯების შესამცირებლად ნაკლებად ხარისხიანი მასალა რომ გამოიყენონ, ასეთი მასალა ჰესებზე კატეგორიულად არ შეიძლება. ჩემ მიერ ნანახი და შესწავლილი ჰესების 90% აშკარად აჩვენებს, რომ 6,5 ცენტი 8 თვეზე, რაც მოდინებაზე არსებულ ჰესებზეა დადგენილი, არასაკმარისია.
მესმის, რომ ამას გარკვეული გავლენა აქვს ელექტროენერგიის ფასებზე, მაგრამ საიმედოობა მაღალი ფასი ღირს. ჩვენი რეალობის გათვალისწინებით, არ შეიძლება საიმედოობის ხარჯზე ფასმა მოიკლოს“,- აღნიშნა დავით მირცხულავამ.
აქამდე არსებული ინფორმაციით, მესამე CFD აუქციონის გამოცხადება არ იგეგმება. როგორც ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, ტარიფები, რომლითაც ინვესტორები პირდაპირი მოლაპარაკების გზით შეძლებენ პროექტების შეთანხმებას, მეორე CFD აუქციონის შედეგებს დაეფუძნება.
