ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, მხოლოდ მოსახლეობაზეა დამოკიდებული, მოხდება თუ არა ეაევროკავშირის შემდეგ გაფართოება საქართველოსთან ერთად. ამის შესახებ მან თბილისში, რუსთაველის თეატრში, ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
“ძალიან მკაფიო ვიქნები: ევროკავშირის შემდეგი გაფართოება აუცილებლად მოხდება, მოხდება ეს საქართველოსთან ერთად თუ საქართველოს გარეშე, ეს დამოკიდებულია მხოლოდ თქვენზე, საქართველოს მოსახლეობაზე. დარჩით ევროკავშირის გზაზე! ჩვენ თქვენს გვერდით ვართ, რომ მაქსიმალურად დაგეხმაროთ”, – მიმართა ელჩმა საქართველოს მოსახლეობას.
ელჩის სიტყვებით, საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღებიდან რამდენიმე თვის შემდეგ “გულდასაწყვეტია ყოყმანისა და დაეჭვების დანახვა. დაბნეულობის, დაყოფის და უფრო უარესი, დაშინების და ძალადობის დანახვა”.
“ამ წლის ბოლოს ევროკავშირი გადაწყვეტს გადადგამს თუ არა საქართველო შემდეგ ნაბიჯს მისი წევრობისკენ. ამისთვის საქართველომ უნდა აჩვენოს ევროკავშირის ღირებულებებისადმი მტკიცე ერთგულება და საჭირო რეფორმები განახორციელოს. ეს შესაძლებლობა არსებობს სწორედ ახლა. ის ხელიდან არ უნდა გაუშვათ. არ გაუშვათ ის ხელიდან.
ჩვენ გელოდებით. გვინდა, რომ საქართველო თავისი მშვიდობიანი და ეკონომიკურად სტაბილური მომავლის უზრუნველყოფაში წარმატებული იყოს. გვინდა, რომ გახდეთ ჩვენი კავშირის ნაწილი, რადგან პატივს ვცემთ საქართველოს ამაყ ხალხს, რომელიც არის მშვიდობისმოყვარე, ნიჭიერი და ევროკავშირის ძირითად ღირებულებებს იზიარებს”, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.
რუსთაველის თეატრში, ევროპის დღისთვის მიძღვნილ ღონისძიებაზე, რასაც პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ესწრებოდა, დაპატიჟების მიუხედავად, მთავრობის არცერთი წევრი არ მივიდა.
8 მაისს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებმა ბრიუსელში კიდევ ერთხელ იმსჯელეს საქართველოზე და, სხვა საკითხებთან ერთად, განიხილეს პოტენციური ზომები იმ სცენარისთვის, თუკი საქართველოში მიიღებენ “კანონს უცხოეთის აგენტების” შესახებ.
რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი იუწყება, რომ „სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შეჩერება არ არის გამორიცხული“ და „ყველანაირი ზომა განიხილება“.
2024 წლის პირველ მაისს პარლამენტმა, ხანგრძლივი და მრავალათასიანი საპროტესტო დემონსტრაციების მიუხედავად, პლენარულ სხდომაზე „აგენტების კანონი“ მეორე მოსმენით მიიღო.
კანონი ეხება საქართველოში არსებულ თითქმის ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას და არაერთ მედიასაშუალებას, მათ შორის რადიო თავისუფლებასაც.
კანონპროექტის პარლამენტში დაბრუნების შემდეგ თბილისში საპროტესტო დემონსტრაციები დაიწყო.
ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ხელისუფლება არაერთხელ გააფრთხილეს, რომ კანონის მიღება უარყოფითად იმოქმედებს ევროკავშირისკენ საქართველოს სვლაზე.